გოჩა ლორთქიფანიძე - იუსტიციის სამინისტრო ყველა ძალისხმევას მიმართავს რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყველა ძალისხმევას მიმართავს საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეზე რუსეთის მიერ ვერდიქტის შესრულების საკითხს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი შეისწავლის.
ლორთქიფანიძის თქმით, მიმდინარე წლის პირველ მაისს, როცა რუსეთმა კომპენსაციის გადახდის ვადას გადააცილა, უწყებამ მოითხოვა, საკითხი მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგში გადასულიყო.
„პირველ მაისს, როდესაც რუსეთის ფედერაციამ კომპენსაციის გადახდის ვადას გადააცილა, ჩვენ მოვითხოვეთ, ეს საკითხი გადასულიყო მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგში, რადგან სწორედ ეს ორგანო უზრუნველყოფს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. გუშინ შედგა დებატები. ჩვენ ვიმუშავეთ დელეგაციებთან და ვეყრდნობით მათ მხარდაჭერას იმისთვის, რომ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება დაეკისროს ერთ ღერძულ პრინციპს, რომ კომპენსაციის გადახდა არის პირდაპირი და უპირობო ვალდებულება რუსეთის ფედერაციის, რაც გამომდინარეობს სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან. ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა და დღეს შეჯერდება საბოლოო ტექსტი. გავაგრძელებთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, რათა ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს და ვინც იყო მსხვერპლი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საბოლოოდ მათი ინტერესები დაკმაყოფილდეს, ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს და კომპენსაცია ჩაგვერიცხოს“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.
საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული ვერდიქტის შესრულების საკითხს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი შეისწავლის. საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. კერძოდ, სასამართლომ რუსეთი 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას, მათი უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნო და კომპენსაციის გადახდა დააკისრა.