დღეს შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იხსნება. კონფერენციის დაწყებამდე ექსპერტებმა ტრადიციული ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც ჩამოთვლილია ის გლობალური რისკები, რომლებიც კაცობრიობას 2018 წელს ემუქრება.
კატაკლიზმები მრავალფეროვანია: უკონტროლო ინფლაცია, ექსტრემალური მეტეოროლოგიური პირობები, ინფექციური დაავადებები, კიბერშეტევები, ტერორიზმი და სახელისუფლებო კრიზისი.
სახიფათო გლობალური ტენდენციების ჩამონათვალიც შთამბეჭდავია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიმატის ცვლილებები, კიბერდამოკიდებულების ზრდა, სოციალური უთანასწორობა და საზოგადოების პოლარიზაციაა.
1. შიმშილი
გარემოს დეგრადაცია და საკვები ინდუსტრიის რთული სტრუქტურა სურსათით მომარაგების სისტემაში შეფერხებებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. ცუდი მოსავალი, პოლიტიკური დესტაბილიზაცია, სტიქია, – ყოველივე ეს შესაძლოა, გლობალური კრიზისისა და ფასების უეცარი ზრდის მიზეზი გახდეს. შიმშილი ერთ სახელმწიფოში სწრაფად და ნეგატიურად აისახება სამეზობლოზეც. ზოგიერთ რეგიონში წყლისა და ნაყოფიერი ნიადაგისთვის ბრძოლა უკვე იწვევს კონფლიქტებს, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს ომში. თუ ამას დავამატებთ მოშიმშილე მიგრანტებს, მაშინ გლობალური კრიზისი უკვე სახეზეა.
2. ხელოვნური ინტელექტი
ექსპერტები კინოფილმ „მატრიცის“ მსგავსი მოვლენების განვითარებას გამორიცხავენ, თუმცა სხვადასხვა პროგრამის სწრაფი განვითარების ფონზე, რისკები მაინც მაღალია. სხვადასხვა ბოტი და თვითნასწავლი ალგორითმები დღითიდღე უფრო „ჭკვიანები“ ხდებიან. ამიტომ ზღვარი ახალი პროგრამების შექმნის უნარსა და შემდეგ მათი კონტროლის შესაძლებლობებს შორის სულ უფრო თვალსაჩინოა.
ანგარიშის ავტორების თქმით, ასეთი პროგრამების გავრცელება ცალკეულ სახელმწიფოებს ან ბლოკებს ცდუნებას უჩენს, „გამოეყოს“ გლობალურ ქსელს და საკუთარი წილი ინტერნეტის რეგულირება დამოუკიდებლად დაიწყოს. ამას გარდა, მსგავსი ბოტების თაღლითური ან სამხედრო მიზნებით გამოყენებაც ასევე საფრთხეებთანაა დაკავშირებული.
3. ვაჭრობის სიკვდილი
დღეს უკვე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ 2008-2010 წლების ფინანსური კრიზისი დაძლეულია, თუმცა, ერთ-ერთი ნეგატიური შედეგი, რომელიც ამ კრიზისმა გამოიწვია, არის იმ პრინციპებისადმი უნდობლობა, რომლებიც დასავლური ეკონომიკური სისტემების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
გლობალიზაცია უნივერსალურ სიკეთედ აღარ ითვლება. განვითარებული ქვეყნები სულ უფრო ხშირად ატარებენ ღია პროტექციონისტულ პოლიტიკას. ასეთ პირობებში სავაჭრო კონფლიქტები შეიძლება იოლად გადაიზარდოს სავაჭრო ომებში, რაც სურსათის მიწოდებაში შეფერხებებს გამოიწვევს. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებს კი უკვე დღეს არ აქვთ უნარი, სავაჭრო დავები გადაწყვიტონ.
გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლება თანაბარი არ იქნება, რაც მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულს გაზრდის. ასეთი უთანასწორობა კი სოციალური დაძაბულობის მიზეზი გახდება.
4. დემოკრატიის ნამსხვრევები
ეკონომიკური, კულტურული თუ ტექნოლოგიური ცვლილებების გამო, დემოკრატიული სისტემა სულ უფრო მეტად მყიფე ხდება. თუმცა, არსებობს უფრო ცუდი სცენარიც. მაგალითად, თუ რომელიმე სახელმწიფოში საზოგადოების აზრი ორად გაიყოფა, ეს შეიძლება შეიარაღებული კონფლიქტის ან ტერიტორიული დავის საგანიც კი გახდეს. ქვეყნებში, სადაც მოქალაქეთა დიდ ნაწილს იარაღი აქვს, სამოქალაქო ომის რისკი მაღალია. ეს კი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკარგვას გამოიწვევს.
5. თევზის დეფიციტი
თევზის მესამედი, რომელსაც ჩვენ მოვიხმართ, არალეგალურადაა მოპოვებული. კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და დრონებს თევზჭერაში სულ უფრო აქტიურად იყენებენ. ამ ტენდენციებს ბრაკონიერებიც ფეხს უწყობენ. შედეგი შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს – სახელმწიფოებს, რომლებიც დიდწილად თევზჭერაზე არიან დამოკიდებულნი, ფინანსური კოლაფსი და მიგრაცია ემუქრებათ.
როგორ აისახება ახალი ტექნოლოგიები იმ თევზის პოპულაციაზე, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია.
6. ეკონომიკური კოლაფსი
ანგარიშის ავტორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური რისკები შემცირებულია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი უკეთესია. რეცესია გადალახულია. საფონდო ბირჟებზე ინდექსები რეკორდულად იზრდება. აღსანიშნავია, ბიტკოინის ფენომენიც.
თუმცა, ამ ფონზე ექსპერტები კაცობრიობას აფრთხილებენ, რომ ნებისმიერი კორექცია ბაზარზე ცალკეული სახელმწიფოებისთვის ცუდად დასრულდება. განსაკუთრებით, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოსთვის, სადაც ფინანსური ინსტრუმენტების მფლობელთა რიცხვი ყველაზე დიდია.
საგარეო ვალის მაღალი მაჩვენებელი 2008 წლის კრიზისის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ითვლება. ამასთან, 2008 წელთან შედარებით, დიდი ოცეულის წევრ სახელმწიფოთა დავალიანება დღეს გაცილებით დიდია. 2008 წელს ეს დავალიანება 80 ტრილიონი იყო, 2016 წელს კი – 135 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
2007-2008 წელს კრიზისის განეიტრალება სახელმწიფო ფულით მოხერხდა. ამ მეთოდით ფინანსური სექტორის დახმარებამ დღეს შესაძლოა, გაცილებით მეტი მოქალაქე გააბრაზოს.
ფინანსური კატაკლიზმების პროვოცირება შეუძლია კიბერთავდასხმებსაც. საზოგადოება პარალიზებული იქნება, როდესაც ანაბრებისა და დანაზოგის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება.
7. უთანასწორობა აბების ხელმისაწვდომობის კუთხით
პრეპარატები, რომლებიც ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, ჯერ ფართოდ დანერგილი არ არის და მათი შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება. მიუხედავად ამისა, მდიდრები მზად არიან გარისკონ.
იმ შემთხვევაში, თუ ასეთი „ჯადოსნური აბების“ ფასი არ შემცირდება, მათი შეძენა მხოლოდ მდიდრებს შეეძლებათ, რაც სოციალურ უთანასწორობას გაზრდის, ხოლო თუ ამ მედიკამენტების გამოყენება ადამიანების ჯანმრთელობაზე აისახება, მაშინ შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემაში კრიზისი გარდაუვალი გახდეს.
8. ომი წესების გარეშე
კიბერშეტევების საფრთხე სწრაფად იზრდება. კაცობრიობა დაცვის მექანიზმების ფორმირებას ვერ ასწრებს. ასეთ ვითარებაში თავდასხმას არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება.
ამას გარდა, თუ კაცობრიობა სწრაფად ვერ განსაზღვრავს თავდამსხმელს, მაშინ საპასუხო ზომები შესაძლოა, არა დამნაშავის, არამედ უდანაშაულო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართონ. ასეთ შემთხვევაში, კონფლიქტში სხვა მხარეებიც ჩაერთვებიან და ეს კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.
9. გეოპოლიტიკის არაადამიანური სახე
გეოპოლოტიკური არასტაბილურობის ატმოსფეროში ნაციონალური იდენტობა და თვითგამორკვევის მისწრაფება დესტრუქციულ ხასიათს იძენს. კაცობრიობა უკვე ხედავს სახელმწიფოებს, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს დევნიან და საერთაშორისო შეთანხმებებით შეზღუდული სუვერენიტეტის აღდგენას ცდილობენ.
ტერიტორიულ დავები კი შესაძლოა, მასობრივ კონფლიქტებში გადაიზარდოს, რაც რეგიონში „დომინოს ეფექტს“ გამოიწვევს.
10. გაყოფილი ინტერნეტი
კიბერთავდასხმების რაოდენობის სწრაფი ზრდა სახელმწიფოთა ნაწილს ინტერნეტის „ჰერმეტულ ნაწილებად“ დაყოფის სურვილს გაუჩენს. ინტერნეტის ფრაგმენტაციის სხვა წინაპირობებიც თვალსაჩინოა. მათ შორისაა: სახელმწიფოს ეკონომიკური პროტექციონიზმი, რეგულირების განსხვავებული მექანიზმები, პოლიტიკური ხელისუფლების შესუსტება და მსხვილი კორპორაციების გავლენის ზრდა.
ტექნოლოგიური პროგრესის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა ტრაექტორია შეიძლება შეიცვალოს, ხოლო მონიტორინგის სისტემების გარეშე ადამიანების უფლებების დაცვას საფრთხე დაემუქრება.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ მსოფლიო განვითარების სახიფათო გეოპოლიტიკურ ეტაპზე გადადის. ის არამხოლოდ მულტიპოლარული, არამედ მულტიკონცეპტუალური ხდება. ის შეხედულება, რომ არსებობს გარკვეული ნორმები და ინსტიტუტები, რომელთა გარშემოც დროთა განმავლობაში ყველა დიდი სახელმწიფო გაერთიანდება და მათ პატარა ქვეყნებიც მიბაძავენ, დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს კი ახალ საფრთხეებს აჩენს. ნაციონალური სახელმწიფოს კონცეფცია უფრო პოპულარული ხდება. მსოფლიოსა და რეგიონის მნიშვნელოვან სახელმწიფოებს შორის შეცვლილი ურთიერთობები პატარა ქვეყნებზეც აისახება.
ანგარიშის ეკონომიკური პროგნოზის ნაწილში საგულისხმოა გლობალიზაციის მიმართ შეცვლილი მიდგომა. ეკონომისტები უკვე აღიარებენ, რომ გლობალიზაცია პანაცეა არ არის.
ეკონომიკურად განვითარებული დასავლეთისა და ჩინეთის ეკონომიკური კავშირი ორივე მხარისთვის სასარგებლოდ ითვლებოდა. თუმცა, დღეს ამის ცალსახად თქმა აღარ შეიძლება. ანგარიშის ავტორები ბოლო წლებში დასავლეთის მთავარ პოლიტეკონომიკურ ტენდენციად პროტექციონიზმის ზრდას ასახელებენ.
ანალოგიური სიტუაციაა სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, ჩინეთის „ერთი სარტყელის“ პროექტი, რომელიც 60 ქვეყანას აერთიანებს და საინვესტიციო პორტფელი ერთ ტრილიონ დოლარს აღწევს. ამას გარდა, არსებობს რეგიონული სავაჭრო დერეფნების პროექტები ჩინეთსა და პაკისტანს, ინდოეთსა და იაპონიას, ასევე ინდოეთს, ირანსა და რუსეთს შორის.
ლოგიკურად ამ პროექტებმა გეოპოლიტიკური დაძაბულობა უნდა განმუხტოს, თუმცა როგორც ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი რობერტ კაპლანი ამბობს, „ამგვარად ევრაზია ერთიანი ვაჭრობის და ერთიანი კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდება“. ერთიანი სავაჭრო სივრცის ორ მონაწილეს შორის დავა შესაძლოა, დანარჩენებისთვისაც პრობლემად იქცეს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში კაცობრიობამ „ერთსაფეხურიანი“ კრიზისების გადაჭრის კუთხით წარმატებას მიაღწია. თუმცა, ანგარიშში მოყვანილი რისკები გაცილებით კომპლექსურია და რთულ სისტემებს ემუქრება.
წყარო: BBC