გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო ცხრა ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს
გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო ცხრა ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს. კვლევა „2021 წლის გლობალური კორუფციის ინდექსი“ ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაცია Global Risk Profile (GRP) გამოაქვეყნა.
კვლევა 196 ქვეყანასა და ტერიტორიას მიმოიხილავს. საქართველო კორუფციის კუთხით დაბალი რისკის ქვეყნებს შორისაა დასახელებული.
კორუფციისგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ცხრა სახელმწიფოს: სლოვაკეთს, ხორვატიას, უნგრეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.
GCI-ის გამოსათვლელად განიხილება ექვსი ინდიკატორი, რომელთაგან ოთხი ორიენტირებულია კორუფციაზე და ორი – ფინანსურ დანაშაულზე: ძირითადი კონვენციების რატიფიკაციის სტატუსი (OECD, გაერო), საჯარო კორუფციის აღქმის დონე (Transparency International’s Corruption Index, World Bank, World Justice Project ), საჯარო და კერძო კორუფციის შესახებ გამოკითხვები (Transparency International’s Global Corruption Barometer, World Bank’s Enterprise Survey), ქვეყნის მახასიათებლები, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული კორუფციასთან, ფინანსური დანაშაულის შეფასების სტანდარტები, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება.
თავის მხრივ, ინდიკატორები დაყოფილია მონაცემთა ოთხ ჯგუფად: მოქალაქის ხმა და გამჭვირვალობა, მთავრობის ფუნქციონირება და ეფექტურობა, სასამართლო კონტექსტი, პოლიტიკური კონტექსტი.
საქართველო რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას და შავიზღვისპირეთის ყველა სახელმწიფოს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩამორჩება.
რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ფინეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, დანია, შვედეთი. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ჩამონათვალში სომხეთი 52-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 133-ზე, თურქეთი – 119-ზე, რუსეთი – 120-ზე.