შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ღ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, გლდანში, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა – 1991 წელს დაბადებულ გ. მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გ.ღ. ცხელ კვალზე დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გლდანში მკვლელობა გუშინ მოხდა.