გლდანში კორპუსს, სადაც სროლა იყო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ტოვებენ
გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელთან“ მდებარე კორპუსს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ტოვებენ. ტერიტორია უკვე დატოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ. ჯერჯერობით ადგილზე რჩებიან კრიმინალისტები. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
როგორც საპატრულო პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელმა, დავით მჟავიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სასწრაფო დახმარება კი პრევენციის მიზნით გამოიძახეს.
„პრევენციის მიზნით არის სასწრაფო მოყვანილი. ამ ეტაპზე ამოწურულია ყველა ნიუანსი. საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს პრესსამსახური“, – აცხადებს დავით მჟავია.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ინციდენტი ამოწურულია, დამატებით დეტალებზე კომენტარი დილით გაკეთდება.
არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ „ახმეტელთან“, საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქე უმისამართოდ ისროდა. ადგილობრივების განცხადებით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ტერიტორიაზე შევიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.