გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩის ნომერ 30-დან ვეკუას ქუჩის კვეთამდე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩის ნომერ 30-დან ვეკუას ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი („სქაი პლაზასა“ და „გლდანი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) დროებით გადაიკეტება.
თბილისი მერიის ცნობით, 7 დეკემბრის 09:00 საათიდან ხიზანიშვილის ქუჩიდან წამომსვლელი ავტომობილები აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ნაწილობრივ, „გლდანი პლაზას“ ტერიტორიაზე არსებული პარკინგის გამოყენების მიზნით, გზის დანარჩენ ნაწილზე კი (ხიზანიშვილის ქ. N30-დან ვეკუას ქუჩის დასაწყისამდე არსებული მონაკვეთზე) მოძრაობა შეიზღუდება.
ხიზანიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილებისთვის ვეკუას ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მკვეთი ქუჩების გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა კი დროებით შეიცვლება.
მიკროავტობუსები: N496, N439 და N486 მოსულიშვილის ქუჩიდან მოძრაობას ხიზანიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, ამავე ქუჩისN35-დან გადავლენ ვეკუას ქუჩაზე, რის შემდეგაც მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდებიან; მიკროავტობუსი N510 ვეკუას ქუჩიდან ხიზანიშვილის ქ. N35-თან დატრიალების შემდეგ, ბოლომდე ხიზანიშვილის ქუჩით გადაადგილდება. აღნიშნულ მიკროავტობუსს გაჩერება ექნება მეტროსადგურ„ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩის კვეთასთან.
ავტობუსი N297 მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხიზანიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას ვეკუას ქუჩაზე განაგრძობს, საიდანაც ნანეიშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი ხიზანიშვილის ქ. N35-თან დატრიალდება და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ ხიზანიშვილის ქუჩით გადაადგილდება.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.