გივი მიქანაძე - სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება არის ერთადერთი ადამიანის, ნიკა მელიას დამსახურება, რომელიც შეეცადა, საკუთარი თავი კანონზე მაღლა დაეყენებინა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპონენტებს ყოველთვის მოუწოდებდა დიალოგისკენ.
მისი თქმით, ხელისუფლებას დიალოგის მაგიდა არასდროს დაუტოვებია.
მიქანაძის განმარტებით, პარტნიორების მთავარი მოწოდება ვითარების დეესკალაცია, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი მოქმედებებით ესკალაციისკენ დგამენ ნაბიჯებს.
„ნებისმიერი საკითხი შესაძლებელია, მაგიდასთან გადაწყდეს, ოღონდ, აქ საჭიროა, გავითვალისწინოთ ის კონსტიტუციური ჩარჩოები და კანონის მოთხოვნები, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის უმთავრესია. როდესაც ჩვენი ოპონენტები გვეუბნებიან, ნახეთ ჩვენი პარტნიორები რაზე მოგიწოდებენო, მთავარი მოწოდება არის სიტუაციის დეესკალაცია. რასაც ისინი გეგმავენ და ახორციელებენ არა მარტო დღეს, არამედ წინა დღეებშიც, რადიკალიზაციისკენ და ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯებია. ეს მოწოდებები ორმხრივია. თუ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდა, ეს ერთადერთი ადამიანის – ნიკანორ მელიას დამსახურებაა, რომელიც შეეცადა, საკუთარი თავი კანონზე მაღლა დაეყენებინა, საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ მე კანონი არ მაინტერესებს.
აქციებთან დაკავშირებით ოპოზიცია ცდილობს, ეს პროცესი კიდევ მეტი ესკალაციისკენ წაიყვანოს. საერთაშირისო პარტნიორები უკვე სამ თვეზე მეტია, მათ მოუწოდებენ და ეუბნებიან, რომ გაითვალისწინეთ შედეგები, რაც 31 ოქტომბერს დაფიქსირდა, კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაემორჩილეთ, პარლამენტში შედით და დაიკავეთ თქვენი კუთვნილი მანდატები. ჩვენ დეესკალაციისკენ მივდივართ და მზად ვართ, კონსტიტუციის და კანონმდებლობის ჩარჩოებში ნებისმიერ საკითხზე დიალოგი გავაგრძელოთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
რაც შეეხება სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებს, მიქანაძის თქმით, არც ერთ განცხადებაში არ წერია, რომ კანონი არ უნდა აღსრულებულიყო და ეს ოპონენტების ინტერპრეტაციაა.
„არც ერთ განცხადებაში არ წერია, რომ კანონი არ უნდა აღსრულებულიყო. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, რომ ნებაყოფლობითი აღსრულება მომხდარიყო. როდესაც ადამიანი პროვოკაციულად მოდის იმაზე, რომ კანონი არ აღსრულდეს, სახელმწიფო ვალდებულია, ამ სიტუაციაში ჩაერთოს, ორმაგი სტანდარტი არ იყოს და პასუხისგება დადგეს იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რომელიც ქვეყანაში არასბობს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.