გივი მიქანაძე - რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომელთაც კრიმინალთან აქვთ შეხება
ოპოზიცია შედეგებს თავისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმკის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია მთლიანად ჩამოშლილია, განსაკუთრებით დესტრუქციული ოპოზიცია.
„ისინი თავისსავე მავთულხლართებში გაებნენ, ჯერ მანდატებზე თქვეს უარი და შემდეგ შეეცადნენ, პასუხისმგებლობა მმართველი გუნდის მხარეს გადმოეტანათ, როცა პასუხისმგებლობა მათ მხარესაა. ჩვენ ორჯერ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც მათ მანდატები არ შევუწყვიტეთ, თუმცა ამის შემდეგ განვაცხადეთ, რომ მანდატების შეწყვეტის ყოველ მომდევნო საფუძველს შესაბამისი რეაგირება ექნებოდა. ოპოზიცია შედეგებს თავისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე იმკის. რაც შეეხება რუსთავში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, საზოგადოებამ დაინახა, რომ მან კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ეს დანაშაული სასამართლომ დაადგინა. რუსთავის მოსახლეობა ხაზგასმით ეტყვის უარს პარლამენტში ისეთი ადამიანების მოხვედრას, რომელთაც კრიმინალთან აქვთ შეხება“, – განაცხადა მიქანაძემ.
პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად გუშინ შეუწყვიტა. ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.