გივი მიქანაძე - ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის დაზიანებაზე მუშაობს, ცდილობენ, ჩვენი პარტნიორები შეცდომაში შეიყვანონ და ამ მიზნით მათ არასწორ ინფორმაციას აწვდიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე გიორგი ვაშაძისა და ზურაბ ჯაფარიძის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ქვეყნის დაზიანებაზე მუშაობს.
მიქანაძის თქმით, ისინი დასავლეთში, ქვეყნის პარტნიორებთან მიდიან და შეცდომაში შეყვანის მიზნით, მათ არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
„ქვეყანაში ჩამოდიან და ამბობენ, თითქოს ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ბრალეულობაა მაშინ, როცა სწორედ ასეთი პოლიტიკა არის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის დამაზიანებელი. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის საწინააღმდეგოა. ისინი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში არ ერთვებიან და საზოგადოება და პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული გეგმა როგორ შედეგიანად, მიზანზე ორიენტირებულად მიმდინარეობს, რათა საქართველომ წლის ბოლომდე შეასრულოს დაკისრებული ვალდებულებები. ამ ადამიანების როლი მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. რამდენადაც უნდა ეცადონ, ქვეყანას ვერ დააზიანებენ, დააზიანებენ მხოლოდ საკუთარ თავს, რადგან ყველა ჩვენი პარტნიორი დეტალურად არის ინფორმირებული, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში 19-21 ოქტომბერს გამართულ ვიზიტთან დაკავშირებით გუშინ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად შანსი არსებობს, თუმცა დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება.