გივი მიქანაძე - ოპოზიციას ვთავაზობთ, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ივლისი და აგვისტო, რათა სამუშაო ჯგუფის ფორმატში პოზიციები შეჯერდეს, ახლა რიგგარეშე სესიების ჩატარების საფუძველს არ ვხედავ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესასრულებლად გაწერილია გეგმა, რომელიც მოიცავს ვადებსაც, თუ როდის უნდა დაინიცირდეს თითოეული მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და შემდეგ იქნას მიღებული.
მისივე თქმით, საკითხების განსახორციელებლად საშემოდგომო სესია სრულიად საკმარისია.
ამასთან, როგორ გივი მიქანაძემ აღნიშნა, საშემოდგომო სესიამდე, ივლისსა და აგვისტოში სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმსჯელებენ, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით გაიმართება კომიტეტის სხდომა.
„თითოეული პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით გაწერილია გეგმა როგორც ვადებში, ასევე პასუხისმგებელ კომიტეტებთან მიმართებით. ამ გეგმაში მოცემულია, როდის უნდა დაინიცირდეს თითოეული მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და მაქსიმუმ რა ვადაში უნდა იყოს მიღებული. საშემოდგომო სესია სრულიად საკმარისია, რათა 12-ვე პუნქტთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები პარლამენტმა განახორციელოს და შეასრულოს. იმისთვის, რომ საშემოდგომო სესიებისთვის ვიყოთ მომზადებული და პოზიციები იყოს შეჯერებული, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ივლისი და აგვისტო სამუშაო ჯგუფების ფორმატში იქნას გამოყენებული, რომ პოზიციები შევაჯეროთ სესიაზე და ეს ყველაფერი გრაფიკის მიხედვით განვახორციელოთ.
მმართველ გუნდში ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხებზე. მიმდინარე კვირიდან უკვე კონკრეტულ აქტივობებს ვიწყებთ. 7 ივლისს დაგეგმილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელზეც მოწვეული არიან ყველა ოპოზიციური პარტიისა თუ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, სადაც იქნება პირველადი განხილვა იმ მექანიზმების შესახებ, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებასთან არის დაკავშირებული. ამავე დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან დაგეგმილია შეხვედრა როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების, რათა სწორედ დეპოლარიზაციის საკითხთან მიმართებით, მონიტორინგის ჯგუფის ფორმირების კუთხით პირველი კონსულტაციები შედგეს. ხოლო 11 ივლისს დაგეგმილია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გივი მიქანაძის განაცხადებით, ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნა არანაირ კავშირში არ არის 12-პუნქტიან მოთხოვნებთან.
„ოპოზიციის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნა არანაირ კავშირში არ არის 12-პუნქტიან მოთხოვნებთან. საარჩევნო თემებთან დაკავშირებით არსებობს ცალკე პუნქტი. საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით რომ ყოფილიყო საუბარი, გარწმუნებთ, ეს საკითხი ასახული იქნებოდა და ეწერებოდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მიიღოთ, რომელიც ბარიერის დაწევასთან არის დაკავშირებული.
ჩვენმა გუნდმა ერთი წლის წინ საშემოდგომო სესიაზე გამოხატა პოლიტიკური ნება, რომლითაც პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ამ ცვლილებებს. ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ პროცესი გაგრძელდეს, თუმცა, სწორედ პირველი პუნქტიდან გამომდინარე, დეპოლარიზაციის კუთხით ველოდებით შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმას ოპოზიციის, განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და ამ ნაბიჯების გადმოდგმა გახდება საფუძველი, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ვიფიქროთ ერთობლივად საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანაზე. ამჟამად, ჩვენი მიზანი არის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, – განაცხადა მიქანაძემ.
რიგგარეშე სესიებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის შეფასებისას, გივი მიქანაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახლა რიგგარეშე სესიების ჩატარების არანაირ საფუძველს არ ხედავს.
„რაც შეეხება რიგგარეშე სესიებს, მათი მხრიდან ეს არის მოუმზადებელი და ნაჩქარევი პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ პოზიციები არ არის განხილული, შეჯერებული. ამიტომ ახლა რიგგარეშე სესიების ჩატარების არანაირ საფუძველს არ ვხედავ. სამოქმედო გეგმაში, რომელიც მმართველმა გუნდმა წარმოადგინა, აბსოლუტურად ყველა კომპონენტთან მიმართებით მარტივად არის შესაძლებელი საშემოდგომო სესიის პერიოდში ყველა საკითხის გადაწყვეტა. ამიტომ ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ ივლისი და აგვისტო მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, რათა სამუშაო ჯგუფის ფორმატში პოზიციები შეჯერდეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.