გივი მიქანაძე - მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც სამართლიანობის პრინციპზეა დაფუძნებული, მნიშვნელოვანია, რომ ოპონენტები ვიწროპარტიული ინტერესიდან გამოვიდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არის ოპტიმისტურად განწყობილი და მაქსიმალურად მობილიზებული, რათა დიალოგი შედეგით დამთავრდეს.
მისივე თქმით, შედეგი კი აუცილებელია ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის, შემდგომი განვითარებისთვის და იმ პროცესებისთვის, რომელიც ოთხწლიან ფაზაში ემსახურება მნიშვნელოვან მიზანს – საქართველომ 2024 წელს გააკეთოს მყარი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
„რაც შეეხება უშუალოდ მოლაპარაკებების თემებს და ოპოზიციის პოზიციებს, გამომდინარე იქიდან, რომ ფორმატი დახურულია და შეთანხმებაა, რომ დეტალები ჯერ არ გამჟღავნდეს, გარწმუნებთ, როდესაც პროცესები დასრულდება და შესაძლებელი იქნება საზოგადოებისთვის იმ პოზიციების გაზიარება, რაზეც მმართველი გუნდი იდგა, საზოგადოება დაინახავს, პირველი ვინ დგამდა კონსტრუქციულ ნაბიჯებს, შემხვედრ ნაბიჯებს ამ მოლაპარაკებებზე და ვინ გვესაუბრებოდა ულტიმატუმის ენით. ჩვენი პოზიციები მართლაც რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარეა, არის კონკრეტული წინადადებები და შეთავაზებები, რომელსაც ჩვენი გუნდი სთავაზობს ოპონენტებს, რათა შეთანხმება იქნას მიღწეული.
რამდენიმე ფაქტი გამოაშკარავდა კიდეც, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ვინც ესწრებოდა მოლაპარაკებებს, თქვა, რომ ჩვენი მხრიდან კომპრომისი ის არის, მაგიდასთან რომ ვსხედვართო. ეს არ არის კომპრომისი, რადგან იმ მაგიდასთან უნდა იჯდეს ყველა ის მხარე, ვის ინტერესშიც არის ქვეყნის, საზოგადოების მომავლის და განვითარების ინტერესი. აპელირება, რომ თურმე ეს კომპრომისი ყოფილა, აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯებს, კონკრეტულ წინადადებებს, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდში“, – აღნიშნა მიქანაძემ.
გივი მიქანაძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის მზად იყო მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.
„ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც სწორედ რომ სამართლიანობის პრინციპზე არის დაფუძნებული და ამ პოზიციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვიყოთ ორიენტირებული, რომ შედეგით დასრულდეს მოლაპარაკებები, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, ოპონენტებმა ულტიმატუმის პოზიციებით არ ისაუბრონ, უფრო გონიერად მიუდგნენ და გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესიდან, თავისი ამომრჩევლის, მთლიანი საზოგადოების, ქვეყნის ინტერესები დააყენონ ნომერ პირველ ადგილას და, დამერწმუნეთ, რომ შეთანხმება აუცილებლად შედგება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
რაც შეეხება კითხვას, „ვადამდელ არჩევნები და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება თუ არა წითელი ხაზები“, – მიქანაძე პასუხობს, რომ ოპონენტები ამ საკითხებს უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე აყენებენ.
„ნებისმიერ თემაზე იყო განხილვა წინა რაუნდის შემთხვევაში და ვნახოთ, ამ რაუნდზე რა იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ოპონენტები ამ საკითხებს უსაფუძვლოდ და უარგუმენტოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კიდევ ერთხელ აყენებენ. ვამბობთ, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვაზე, ოღონდ, სამართლიანობის პრინციპი აუცილებლად უნდა იქნას დაცული. შესაბამისად არის კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი მხრიდან გადადგმული. თუ ეს წინადადებები აღიქმება სწორად და ჩვენი ოპონენტები ვიწროპარტიული ინტერესიდან გამოვლენ, დარწმუნებული ვართ, რომ ყველა საკითხზე იქნება შეთანხმების დიდი ალბათობა, მაგრამ შეთანხმება არ გულისხმობს, რომ ვიღაცას უნდა ვადამდელი არჩევნები, ვიღაცას კონკრეტული პირების გამოშვება. როდესაც კანონის უზენაესობასა და სამართლიანობაზეა საუბარი, ეს აუცილებლდ უნდა იყოს გათვალისწინებული, გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული თავისუფალი არჩევანი, რომელიც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე არაერთგზის აღიარა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.