გივი მიქანაძე - მოკვლევის დაწყების მიზანია, რომ რეალური არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაცია არ შეილახოს და მოხდეს მათი მხილება, ვინც რეალურად პოლიტიკური სუბიექტების შენაერთებს წარმოადგენენ
გივი მიქანაძე - მოკვლევის დაწყების მიზანია, რომ რეალური არასამთავრობო ორგანიზაციების რეპუტაცია არ შეილახოს და მოხდეს მათი მხილება, ვინც რეალურად პოლიტიკური სუბიექტების შენაერთებს წარმოადგენენ

მოკვლევის დაწყებაზე განცხადება ემსახურება იმას, რომ რეალური, ნეიტრალური, საქმეზე ორიენტირებული, მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და რეპუტაცია არ შეილახოს, ხოლო ისინი, ვინც რეალურად წარმოადგენენ არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ პოლიტიკური სუბიექტების შენაერთებს, მათი მხილება უნდა მოხდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძე გამოეხმაურა „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ აუდიტის სამსახურისთვის მიმართვას, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

„გაგახსენებთ, 2020 წლის არჩევნების წინ ჩვენი პარტიის ბრიფინგს, როდესაც ჩვენ გამოვავლინეთ ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი ან გამგეობის წევრია, ან იმ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენელი, რომელთა უდიდესი ნაწილი დღეს რადიკალური ოპოზიციის ფარგლებში პარლამენტში დეპუტატია. 2021 წლის არჩევნების წინ მე თვითონ ჩავატარე ორი ბრიფინგი, სადაც ასევე გამოვავლინეთ ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ვითომდა სადამკვირვებლო მისიას ეწევიან და ამ დროს ისინი პირდაპირ კავშირში არიან პოლიტიკურ სუბიექტებთან, რადგან მათი გამგეობის წევრები და თავმჯდომარეები არიან ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები“, – განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადება კანონის შესაბამისია.

„ასევე, ორგანიზაციის წევრებსა და გამგეობის წარმომადგენლებს გადარიცხული ჰქონდათ შემოწირულობები „ნაციონალური მოძრაობის,“ „ევროპული საქართველოს,“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებაში, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ორგანიზაციები არიან არა არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ, რეალურად, ესენი არიან პარტიის ფილიალები და ისინი რეპუტაციას ულახავენ იმ ნეიტრალურ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმეზე არიან ორიენტირებულნი. ის განცხადება, რაც გაკეთდა და მოთხოვნა, რაც დაყენდა, კანონის შესაბამისია. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ არანაირად არ შეიძლება პოლიტიკურ პროცესებში გარე დაფინანსების ჩართულობა და ჩარევა. მსგავსი განცხადება ემსახურება იმას, რომ რეალური, ნეიტრალური, საქმეზე ორიენტირებული, მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა და რეპუტაცია არ შეილახოს, ხოლო ისინი ვინც რეალურად წარმოადგენენ არა არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ პოლიტიკური სუბიექტების შენაერთებს, მათი მხილება მოხდეს, შესაბამისად, ამ შესწავლით კონკრეტული მტკიცებულებები უნდა დაიდოს“, – განაცხადა მიქანაძემ.