გივი მიქანაძე - „მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი ორიენტირებულია საზოგადოების ინტერესებზე, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ პროექტი არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, მათ არგუმენტები არ აქვთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციამ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დღემდე ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა მიიღოს პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები.
მიქანაძის თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ წარმოდგენილი პროექტი საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული. გივი მიქანაძის განმარტებით, პროექტი არანაირად არ ზღუდავს მშვიდობიან შეკრებას და გამოხატვის თავისუფლებას.
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ცვლილებები „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ და დავრწმუნდით, როგორც გუშინ, ისე დღეს, რომ ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი და ცდილობენ, არარსებული მოტივებით შემოსონ საკუთარი პოზიციები, თუმცა ვერცერთი არგუმენტი ვერ წარადგინეს, შინაარსობრივად ვერ შემოვიდნენ განხილვაში და ზუსტად ეს იყო იმის დამადასტურებელი, რომ დღეს მეორე მოსმენით განხილვაზე არ მოვიდნენ, არ დაესწრნენ, არანაირი კითხვა არ დაუსვამთ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ წარმოდგენილი პროექტი საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული. უფრო მეტ ღირებულებაზე, ადამიანის სიცოცხლის დაცვაზე არის ორიენტირებული. შესაბამისად, ისიც ძალიან კარგად იციან, რომ პროექტი არანაირად არ ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას და არანაირად არ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. არის მცდელობა, ეს ამ ფორმით ააგორონ, რაც არ და ვერ გამოუვათ, რადგან ვერცერთი კონკრეტული არგუმენტი ვერ წარმოადგინეს, მაშინ როდესაც ჩვენ წარმოვადგინეთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება, წარმოვადგინეთ ეუთო/ოდირის შესაბამისი დასკვნები ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება. ამ განხილვაში ეს ადამიანები საერთოდ ვერ შემოვიდნენ, რადგან არაფერი აქვთ სათქმელი და შემოიფარგლებიან რაღაც ვარაუდებით და განცხადებებით, რაც არარეალურია. როდესაც არსებობს კომპეტენტური ორგანოს განცხადება და 18 სექტემბერს რაც ითქვა, შემდგომ ამაზე დამატებითი განცხადება გაკეთდა და მტკიცებულებები გავრცელდა, ჩვენ ვერ დაველოდებით, როდისაა შეააძლებელი, ის სავალალო შედეგი დადგეს, რაც ამ განცხადებაში იყო გაჟღერებული. შესაბამისად, ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს მხოლოდ ერთადერთს, რომ იყოს საზოგადოებაზე ორიენტირებული და პრევენციული ხასიათის, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას არ ზღუდავს და პირდაპირ მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს საზოგადოებრივ წესრიგსა და საზოგადოების უსაფრთხოებას უქმნის რისკს, კანონის ფარგლებში მოხდეს კონკრეტული კონსტრუქციის დემონტაჟი ან მონტაჟის არგანხორციელება. თუკი მხარე ამას არ ეთანხმება, რა თქმა უნდა, ამაზე შემოდის სასამართლო კონტროლი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კანონპროექტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. როგორც აღინიშნა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით, სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.
პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.