გივი მიქანაძე - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს დელეგაციის წევრის არჩევა მაღალი სტანდარტის თანამშრომლობაზე მეტყველებს
გივი მიქანაძე - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს დელეგაციის წევრის არჩევა მაღალი სტანდარტის თანამშრომლობაზე მეტყველებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს დელეგაციის წევრის არჩევა ევროპის საბჭოს ფარგლებში არსებულ მაღალი სტანდარტის თანამშრომლობაზე მეტყველებს.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მხრივ დგას ბევრ წევრ ქვეყანასთან მიმართებაში გამოწვევები და ეს საკითხი არის მაისის რეიკიავიკის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა. აქედან გამომდინარე, ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე საქართველოს დელეგაციის წევრის არჩევა მეტყველებს იმ მაღალი სტანდარტის თანამშრომლობაზე, რომელიც არსებობს დელეგაციის ფორმატიდან გამომდინარე ევროპის საბჭოს ფარგლებში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დამსახურება იმ რეფორმების, რომლებიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა მართლმსაჯულების კუთხით, ასევე, ხაზგასასმელია ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ჩამოყალიბდა. წინა ხელუსუფლებასთან შედარებით, სამჯერ არის საჩივრების რაოდენობა შემცირებული, სტრასბურგის სასამართლოს ბევრი გადაწყვეტილებაა, რომელიც იზიარებს საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებას და მას უცვლელად ტოვებს, მათ შორის ისეთ გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, რაც მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა სწორად ვითარდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე PACE-ს იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

გივი მიქანაძე PACE-ს იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის წევრად 2021 წლიდან ირიცხება, ხოლო ქვეკომიტეტს 2023 წლიდან შეუერთდა.