გივი მიქანაძე აცხადებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება
გივი მიქანაძე აცხადებს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე განმარტავს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. მისი განცხადებით, კონსტიტუციურ ორგანოს შეუძლია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს კონსტიტუციური სარჩელით, როცა ხდება ნორმის გასაჩივრება და არა – კონკრეტული ქმედების.

როგორც ჟურნალისტებს მიქანაძემ განუცხადა, აღნიშნული ცდომილება ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ მმართველ გუნდს კონკრეტული ინიციატივა ამ დრომდე არ დაუნიცირებია იმის გამო, რომ შესაძლოა, ეს სპეკულაციების საგანი გამხდარიყო.

„სახეზე როცა გვაქვს, რომ პრეზიდენტმა ელჩის რამდენიმე კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომ შესაბამისი სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი განიხილოს და დაადგინოს, რამდენად უფლებამოსილია, რომ თავისი ქმედებით ამ პირების დანიშვნა არ განახორციელოს, თუ ეს არის მთავრობის კომპეტენცია. ჩვენი აზრით, ეს მთავრობის კომპეტენციაა, ხოლო პრეზიდენტის თანხმობა ფორმალური ხასიათისაა. ეს პროცედურები სრულფასოვნად რომ იყოს უზრუნველყოფილი, რაკი კონკრეტული საჭიროება დადგა, რის შესახებაც ადრეც ვიცოდით, მაგრამ ამის რეალური საჭიროება არ არსებობდა, ორგანულ კანონში შევიტანეთ ცვლილებები, რითაც კანონი კონსტიტუციის მუხლთან სრულ შესაბამისობაში მოვა. შესაბამისად, აღნიშნულის საფუძველზე მთავრობის მიერ სარჩელის წარდგენა მოხდება, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, კონკრეტული სარჩელის ირგვლივ იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

ჩვენთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ არსებობდა ცდომილება კონსტიტუციასა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონს შორის, მაგრამ აღნიშნული საკითხი არ დავძარით, რადგან ამის პრაქტიკული საჭიროება აქამდე არ იკვეთებოდა – საკითხი აქამდე რომ დაგვეძრა, ამას სპეკულაციები მოჰყვებოდა. პროექტის ინიცირება მოხდა იმავე დღეს, როცა მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებდა პრეზიდენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას, რადგან გაჩნდა კონკრეტული შემთხვევა, როცა საჭირო იყო ორგანული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა“, – განაცხადა მიქანაძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.

ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი.