გივი დავითაშვილი - იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ფრენები აქვთ რუსეთთან, ყველაზე მკაცრი მიდგომა გვაქვს, უსაფრთხოების ყველა შესაძლო კრიტერიუმია დაცული
დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთთან ფრენების შესახებ გვაქვს ხუთი ავიაკომპანიის განაცხადი. მათ შორის ოთხი გახლავთ რუსული ავიაკომპანია და ერთი ქართული, „ჯორჯიან ეარვეისი“, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შემოწმება.
„დღევანდელი მდგომარეობით, ერთ რუსულ ავიაკომპანიაზეა გაცემული ფრენის ნებართვა მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენის შესასრულებლად. რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისს“, დამატებით არის გარკვეული დოკუმენტაცია წარმოსადგენი და ამის შემდეგ მოხდება გაანალიზება და შესაბამისი პასუხის გაცემა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს რუსეთის ფედერაციაში და რომელ ქვეყნებშიც დაფრინავს რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ავიაკომპანიები, შემიძლია, ვთქვა, რომ გვაქვს ყველაზე უფრო მკაცრი მიდგომა, უსაფრთხოების ყველა შესაძლო კრიტერიუმი არის დაცული და შესწავლის საგანია ჩვენი მხრიდან. სკრუპულოზური კვლევისა და ანალიზის შედეგად ხდება ნებართვების გადაცემა. ეს კომპანია ICAO-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს. დეტალურად ხდება ყველა განაცხადის შესწავლა, ყველა ავიაკომპანიის გადამოწმება, არის თუ არა ევროპისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ გამოქვეყნებულ შავ სიაში, ასევე სათითაოდ ხდება ყველა ბორტის შემოწმება და ამის შემდეგ, დეტალური ანალიზისა და დეტალური შესწავლის შედეგად მოხდება ნებართვების გაცემა“, – აღნიშნა გივი დავითაშვილმა.