გიული ალასანიას განცხადებით, იუსტიციის მინისტრისთვის გადაცემულ დემარშის წერილში წერია, რომ სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა
გიული ალასანიას განცხადებით, იუსტიციის მინისტრისთვის გადაცემულ დემარშის წერილში წერია, რომ სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის ვროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით გადაცემულ დემარშის წერილში საუბარია, რომ სააკაშვილს სასწრაფოდ სჭირდება უცხოეთში გადაყვანა.

„ამ წერილში წერია ზუსტად ეგ, აბა, რას მოაწერეს ხელი მათ, როგორ ბრძანდებითო? მოიკითხეს? სწორედ ეგ წერია, რომ არის მძიმე მდგომარეობა, სასწრაფოდ საჭიროებს გადაყვანას. შეხვედრას არ დავსწრებივარ, მაგრამ ვიცი, რაც წერია წერილში“, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებაზე, რომ „ელჩებთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი სააკაშვილის საზღვარგარეთ, მით უმეტეს, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში გადაყვანაზე“, – გიული ალასანია ამბობს: „პირველად გაიგეთ მათგან არასწორი ინფორმაცია? იმასაც ამბობენ, ჯანმრთელია ადამიანი და უნდა ირბინოს, ბევრი ჭამოს, დღეში 1 500 კალორიაო, მაგრამ კი ვხედავთ, რაც სჭირს“.

ამასთან, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დემარშის საკითხზე არ უსაუბრია.

„არ გვისაუბრია, დეტალები ალბათ თვითონაც არ იცის, მაგრამ იცის, რომ 27 ქვეყანა უჭერს მხარს“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანიას თქმით, მას სიცხე აქვს.

„38,3 აქვს სიცხე, წნევაც მაღალი, დანარჩენი, რა გითხრათ, წონა 67 კგ-ზე დაბალი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, შვედეთის ელჩთან ერთად, გუშინ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით, სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს დემარში გადასცა.