გიული ალასანია - პრეზიდენტის გამოსვლა მომეწონა, მადლობელი ვარ, თითქოს იმედისმომცემი იყო
გიული ალასანია - პრეზიდენტის გამოსვლა მომეწონა, მადლობელი ვარ, თითქოს იმედისმომცემი იყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება მისთვის იმედისმომცემია.

„სამწუხაროდ, მხოლოდ ფრაგმენტები მესმოდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ დადებითისკენ წავიდა ეს ყველაფერი. თითქოს, ამჯერად მისი გამოსვლა მისაღები და იმედისმომცემი იყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

„ქალბატონმა სალომემ ფაქტობრივად ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რაც მთელი ეს დღეები ისმოდა. მადლობელი ვარ. ვფიქრობ, მისი გამოსვლა საკმაოდ კრიტიკული იყო. სულ ვისმენთ ოფიციალური პირების გამოსვლებს, ზოგიერთ შემთხვევაში დაუფიქრებელ და არაფრთხილ გამოთქმებს, რასაც ქალბატონმა სალომემ ყურადღება მიაქცია. მან აღნიშნა, რომ ასეთი გამოთქმები საზოგადოებაში შემდეგ უკვე ღელვას იწვევს, რაც ნამდვილად ასეა. ვის სჭირდება ეს ყველაფერი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, გიული ალასანიამ აღნიშნა: „მას ეს არ უთქვამს, რადგან ჩათვალა, რომ ეს მისი სფერო არ არის. საბოლოოდ მაინც ექიმების გადასაწყვეტი და მათი სათქმელია. ეს სიფრხილე ამით ავხსენი. ჩვენი პრეზიდენტის, ქალბატინი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მომეწონა და ამან დიდი იმედი გამიჩინა“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა: „ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილ იყოს სამოქალაქო, მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა, თუ რას ნიშნავს ეს, ანდა რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა, თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ, ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს. რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრები, ანუ სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.