გიტანას ნაუსედა - უკრაინის მომავალი არის ნატო, უკრაინა ნაცრისფერ ზონაში ვეღარ დარჩება, ჩვენ არ შეგვიძლია, კვლავ გავრისკოთ ომები ევროპაში
ვილნიუსში, ნატო-ს სამიტმა ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ალიანსი მზადაა, იბრძოლოს არა მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნების ტერიტორიის ყველა სანტიმეტრისთვის, არამედ აგრესიის პირველივე წამიდან, თუ ეს საჭირო გახდება. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე განაცხადა.
„მადრიდის სამიტის შემდეგ ბალტიის რეგიონში უსაფრთხოება მხოლოდ გაუარესდა. რუსული აგრესია არსად წასულა და მეტიც, კრემლს თავისი ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელარუსში გადააქვს“, – განაცხადა ნაუსედამ.
ნაუსედამ ასევე მოუწოდა ნატო-ს, მიიღოს ახალი რეგიონული თავდაცვის გეგმები, გააძლიეროს თავდაცვის პრინციპები, ბალტიის რეგიონისა და ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ვილნიუსის ნატო-ს სამიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივების განხილვა და ნატო-სა და უკრაინას შორის პოლიტიკური კავშირების განმტკიცების მკაფიო გზა.
„უკრაინის მომავალი არის ნატო. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გზა, მაქსიმალურად როგორ მივაახლოოთ უკრაინა ნატო-სთან, ალიანსში წევრობის მიპატიჟებასთან. უკრაინა ნაცრისფერ ზონაში ვეღარ დარჩება. ჩვენ არ შეგვიძლია, კვლავ გავრისკოთ ომები ევროპაში“, – განაცხადა ნაუსედამ.