გიტანას ნაუსედა - საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა ძლიერი კავშირები აქვთ.
„ნამდვილად მიხარია, რომ შემიძლია, პირველად ვიყო თქვენს ქვეყანაში პრეზიდენტის რანგში. აქამდე გაგებული მქონდა, როგორი მეგობრული და ლამაზი ქვეყანაა საქართველო. ახლა შემიძლია, დავადასტურო, ეს ნამდვილად ასეა. მადლობას ვუხდი სალომე ზურაბიშვილს მეგობრული და თბილი მიღებისთვის. მახსოვს, ჩვენი შეხვედრა 2019 წელს, ვილნიუსში. ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა აკავშირებთ ძლიერი კავშირები. პირველ რიგში, ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს ვართ, ასევე ჩვენ წინაშეა, სამწუხაროდ, საერთო გარე საფრთხეები.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა დიდი მცდელობა, გაერთიანებულიყო ქვეყანა და განხორციელებული რეფორმები და სვლა ყოფილიყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით. ვუყურებ რა საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ასევე, თავის დროზე ენერგიულად იღვწოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ. ჩვენი გზა არ იყო მარტივი და ცოტა ხანი გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი ტაქტიკური მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში. ასევე, ვხედავთ ასეთ მონდომებას ქართველ ხალხში. ამიტომ, პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედა.