გიტანას ნაუსედა - საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი, ეს არის თქვენი გამბედაობის დემონსტრირება
საქართველოს მიერ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი, ეს არის თქვენი გამბედაობის დემონსტრირება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა 19 აპრილის შეთანხმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ეს შექმნის შესაძლებლობას, გადავიდნენ იმ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. გიტანას ნაუსედას განცხადებით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია არა ცალ-ცალკე, არამედ საერთო პოლიტიკური სპექტრის მცდელობებით.
„მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ შიდა უთანხმოების შემდეგ, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელმაც აიღო ინიციატივა და იქცა ამ შეთანხმების მონაწილედ. 19 აპრილის შეთანხმება დარჩა, რომ 100 პროცენტით განხორციელდეს და ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდეს. ეს შექმნის ყველა შესაძლებლობას, დამთავრდეს პოლიტიკური კრიზისი და გადახვიდეთ იმ საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხისთვის. ეს არის რეფორმები და ინტეგრაცია დასავლეთ სივრცეში, დემოკრატიის გაძლიერება, პოლიტიკური სტაბილურობა. ერთობა და მიმზიდველი საპარლამენტო პროცესი არის გადაუდებელი პრიორიტეტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამბიციური მიზნების მიღწევისთვის. მიზნების მიღწევა შეგიძლიათ არა ცალ-ცალკე, არამედ საერთო პოლიტიკური სპექტრის მცდელობებით. თქვენი მიზანი, 2024 წელს წარადგინოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის თქვენი გამბედაობის დიდი დემონსტრირება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.