ლიეტუვის პრეზიდენტი - საოკუპაციო ხაზთან მოვედი, რათა ვთქვა, ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას.
როგორც გიტანას ნაუსედამ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ადგილზე გაცნობოდა ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობას.
„მე აქ მოვედი, რათა ვთქვა, ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. ჩემთვის მნიშვნელოვანი კიდევ ერთი საკითხი იყო, მენახა, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორია ჰუმანიტარული მდგომარეობა. სამწუხაროდ, მე ვნახე დანგრეული ცხოვრება ზოგიერთი პოლიტიკოსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო, მოახდინოს რა დამოუკიდებელი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მე ვნახე, რომ ადამიანები მოკლებული არიან ბევრ შესაძლებლობას, ზოგიერთ მათგანს არ აქვს შესაძლებლობა, პენსია მიიღოს, მოკლებულია წყალმომარაგებას და შეზღუდულია განათლებაზე წვდომა.
ადგილობრივებთან შეხვედრის დროს ჩემი ბოლო შეკითხვა იყო – რაზე ოცნებობთ? იცით, რა იყო პასუხი? ისინი ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე, მათ სახლებზე. ეს არის ბრძოლის მიზანი, ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობის გაჩენისთვის ბრძოლა, რომ აუხდეთ ოცნება, სახლში დაბრუნების ოცნება. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ წამოვწიოთ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე.
ეს საკითხი გადაჭრილი არ არის და ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა შევცვალოთ მდგომარეობა და ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის იყო საერთაშორისო საგარეო პოლიტიკის პრინციპებისა და ღირებულებების მხარდამჭერი“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.
რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებს, ნაუსედა აცხადებს: „ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთისთვის დამატებით შესაძლო სანქციებზე არა მხოლოდ ბელარუსთან დაკავშირებით, თვითმფრინავის ინციდენტის გამო. უნდა წარმოიდგინოთ, ევროკავშირი არის 27 წევრისგან შემდგარი ორგანიზაცია და ყველა მათგანს განსხვავებული მიდგომა აქვს იმის შესახებ, რა ხდება ამ რეგიონში, ბელარუსსა და რუსეთში. ზოგჯერ რთულია საერთო საზომის პოვნა ჩვენ შორის, მაგრამ ვცდილობთ, ამ საერთო საზომის პოვნას, ხშირად ეს გამოგვდის, ზოგჯერ ძალიან დაგვიანებულია და დიდი დრო სჭირდება, რაც პრობლემაა, მაგრამ ეს არის დემოკრატია, დემოკრატია არ არის მარტივი“.