გიტანას ნაუსედა - ლიეტუვის სეიმის 141 წევრიდან თითოეულს აქვს ინდივიდუალური პოზიცია, თუმცა ლიეტუვის ოფიციალური პოზიციაა პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის წახალისება
ლიეტუვის სეიმის 141 წევრიდან თითოეულ მათგანს ინდივიდუალური პოზიცია აქვს, თუმცა, ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის წახალისება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონის განცხადებაზე.
„მე უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენ 141 წევრი გვყავს სეიმში და თითოეულ მათგანს ინდივიდუალური პოზიცია აქვს. თუმცა, ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია არის პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის წახალისება. მე მქონდა უნიკალური შესაძლებლობა, მაგიდასთან მენახა მმართველი კოალიციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩემი კითხვა ასეთი იყო, შეგიძლიათ, გამონახოთ საერთო დენომინატორი, რაც ასევე მნიშვნელოვანია თქვენთვის და საქართველოსთვის. მათ მიპასუხეს, დიახ, ასეთი დენომინატორია ევროკავშირის წევრობა, ნატო. ამ თვალსაზრისით, აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავაახლოოთ პარტიები. ყოველთვის იქნება რაღაც უთანხმოება, მაგრამ უნდა გამოვყოთ ისინი მნიშვნელოვნისგან“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ვიდეოჩანაწერში, რომელიც რუსმა პრანკერებმა გაავრცელეს, ჟიგიმანტას პავილიონისი რუსეთზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ბელარუსზე, ასევე ამ ქვეყნებში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ახლა აქვს „თავისი ომი ივანიშვილთან საქართველოში“.
ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტმა ჟიგიმანტას პავილიონის განცხადებაზე კომენტარი გუშინაც გააკეთა. გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ პავილიონისის განცხადება არ არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია.