გიტანას ნაუსედა - ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რისი ხაზგასმაც საოკუპაციო ხაზთან სტუმრობისას მინდოდა
საქართველოსთვის მთავარი გზავნილია, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც გუშინ ხაზი გაუსვა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
„მთავარი გზავნილი საქართველოსთვის არის ის, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი ხაზგასმაც გუშინ საოკუპაციო ხაზთან, იძულებით გადაადგილებულ პირებთან სტუმრობისას მინდოდა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხის ინტეგრირება მოხდეს საქართველოს ცხოვრებაში. რამდენადაც ვიცი, 300 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირია. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა ამ ხალხისთვის, დანგრეული ცხოვრება, განსხვავებული საცხოვრებელი პირობები. გუშინ უკვე აღვნიშნე, კითხვა, რაც მათ დავუსვი, რაზეც ოცნებობენ, პასუხი კი ძალიან მარტივი და ემოციური იყო, სახლში დაბრუნება გვსურს, ადრე თუ გვიან. ჩვენ დაველოდებით, ვიდრე ეს მოხდება.
ასევე განვიხილეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხი. მეტი ძალისხმევა ჩავდეთ, რათა წინ წაგვეწია ეს პროცესი, შეგვექმნა მეტი მოტივაცია ორივე მხარისთვის, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში და თავად ევროკავშირში. ჩვენ ვუახლოვდებით ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რომელიც დაგეგმილია 2021 წლის დეკემბერში. ევროპული საბჭოს შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობას მიეძღვნება და ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ, რომ დოკუმენტი სავსე იყოს ტექნიკური დეტალებით. სტრატეგიული ხედვა არის 2024 წელს საქართველოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისთვის“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.