გიტანას ნაუსედა არ გამორიცხავს, რომ ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე ლიეტუვამ დეკლარაციის ტექსტს ვეტო დაადოს
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა არ გამორიცხავს, რომ ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე ლიეტუვამ დეკლარაციის ტექსტს ვეტო დაადოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ნაუსედას თქმით, ის ვეტოს დაადებს დეკლარაციის ტექსტს, თუ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები და ფორმულირებები ლიეტუვის ინტერესებს არ უპასუხებს.
„არავის დავპირებივარ, რომ ეტიკეტის დადგენილი წესებით ვიმოქმედებ. ხანდახან ეტიკეტი უნდა დაარღვიო, მაგრამ ამისთვის სერიოზული მიზეზი გჭირდება“, – განაცხადა ნაუსედამ.
მან აღნიშნა, რომ საუბარი ეხება სერიოზულ თემებს, არსებობს საკითხები, რომლებიც ლიეტუვის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული.
„რაიმე საკითხი ლიეტუვის უსაფრთხოების საკითხთან წინააღმდეგობაში თუ მოვა, ის ფაქტიც კი, რომ ჩვენ ღონისძიების ორგანიზატორები ვართ, არ გვართმევს უფლებას, ეს საკითხი ბევრად მწვავედ წამოვჭრათ“, – განაცხადა ნაუსედამ.