„გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ [ფოტო]
„გირჩისა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს შორის ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა „გირჩის“ ოფისში იმართება, სადაც „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პარტიის წარმომადგენელი ლევან იოსელიანი მივიდნენ.
კონსულტაციების შესახებ დღეს მედიასთან ისაუბრა ლევან იოსელიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ განიხილება მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, რომლებიც პარლამენტში შესვლას და არჩევნებს ეხება.
„შეხვედრაზე ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე, ვისაუბრებთ იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელშიც ახლა ვართ და აქედან გამოსვლის გზებზე. მაინტერესებს მათი ხედვა, როგორ ხედავენ ამ ყველაფერს, რა გეგმები აქვთ. მივდივართ, რომ გავიგოთ, როგორია მათი პოზიცია. ჩვენი პოზიცია ნათელია – ვამბობთ, რომ შეთანხმების გარეშე არსად შესვლას არ ვაპირებთ. დაველოდებით მეხუთე რაუნდს, ვნახავთ, რა ტიპის შეთანხმებას მივაღწევთ და თუ მისაღები იქნება ყველა ის პირობა ჩვენთვის, სხვაც რომ არ შემოვიდეს, ჩვენ მოვაწერთ ხელს ამ შეთანხმებას და შევალთ. შესაბამისად, ჩვენც გვაინტერესებს, სხვას რა პოზიცია აქვთ. ეს არის ამ საკითხზე „გირჩთან“ პირველი შეხვედრა. სხვა პარტიებთან შეხვედრა აღნიშნულ საკითხზე არ გვქონია“, – განაცხადა იოსელიანმა.
გარდა ამისა, „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის პირობა არ შეუცვლიათ, არამედ მათი ამოცანაა, გაარკვიონ, რა უშლის ხელს შეთანხმებას, რომ 60 ოპოზიციონერი პარლამენტში შევიდეს.
„ჩვენ პარლამენტში შესვლის პირობა დიდი ხნის წინ გვაქვს ნათქვამი და არ შეგვიცვლია. პირველივე დღიდან ერთი და იმავე აზრზე ვართ. ჩვენი ამოცანაა, გავარკვიოთ ზოგადად, რა უნდათ პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში, როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას, რა უშლის ხელს შეთანხმებას, რომ ყველა, 60 ოპოზიციონერი პარლამენტში შევიდეს შეთანხმებულად და იქ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რადგან მარტო „გირჩის“ შესვლას და უმცირესობაში ყოფნას დიდი აზრი არ გააჩნია“, – აღნიშნა ხვიჩიამ.