თბილისის საქალაქო სასამართლოში „გირჩის“ წევრების ადმინისტრაციულ საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. გუშინ დაკავებულ იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. იგივე მუხლი წარუდგინეს დღეს ზურაბ ჯაფარიძესაც.
შსს ინფორმაციით, ისინი საპროცესო მოქმედებებს ახორციელებდნენ, რაშიც „გირჩის“ წევრები მათ ხელს უშლიდნენ.
„მე ვიკითხე, თუ სად მიჰყავდათ დაკავებული პირი. უბრალოდ, ინფორმაცია გვაინტერესებდა. ჩვენ მხოლოდ ვეკამათებოდით და ხელით არავის შევხებივართ. არ ყოფილა არანაირი ძალადობა და ჯიკაობაც კი.
საბოლოოდ, ჩვენ პოლიციის განყოფილებასთან ექვსი საათი ვიყავით და ამის შემდეგ დაგვაკავეს.
ჩვენ ვამბობდით, რომ ამის გამო თუ ადამიანს აკავებ, ჩვენ ერთი წლის წინ დავთესეთ კანაფი, მაგრამ მხოლოდ დავჯარიმდით. ამასთან, ჩვენ ჩამოვიტანეთ ერთი ძირი კანაფიც და ვუთხარით, თუ მაგის გამო ხალხს იჭერთ, მეც დამიჭირეთ მეთქი, მაგრამ არ დაგვიჭირეს.
ჩვენ გამოვრიცხავთ ყველა ტიპის ძალადობას. რაც შეეხება გინებას, იქ შეკრებილები იყვენენ მოქალაქეები და შესაძლოა იგინებოდნენ, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლების ზღვარში ჯდება“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მ.ს. ნარკოტიკებს ასაღებდა. შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, ის თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრებმა, რის შემდეგაც „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი დააკავეს.
ამასთან, ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული ზურაბ ჯაფარიძის მიმართაც. მას სამართალდამცველები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლების დარღვევას ედავებიან. ჯაფარიძე დაკავებული არ ყოფილა.