„გირჩის სამეფოს მეფემ“, ჰერმან საბომ პარლამენტში შესაძლოა, ზურა გირჩი ჯაფარიძე შეცვალოს
მეათე მოწვევის პარლამენტში ზურაბ ჯაფარიძე შესაძლოა, პარტია გირჩის წევრმა ჰერმან საბომ ჩაანაცვლოს.
საქართველოს პირველ არხს ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით აპირებს, პარლამენტს მიმდინარე კვირას მიმართოს. იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, საკანონმდებლო ორგანოში მისი ადგილმონაცვლე ჰერმან საბო იქნება, რადგან „გირჩი“-ს სიით სწორედ მას უწევს პარლამენტში შესვლა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტია „გირჩი“ გაიყო. ზურაბ ჯაფარიძემ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ დააფუძნა, თუმცა პარტიული საარჩევნო სია უცვლელი დარჩა.
„გირჩი“ იმ პარტიებს შორის არის, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტიის საარჩევნო სიები არ ჩახსნა. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით, პარლამენტს უკვე მეორედ მიმართავს. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 51 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
ჰერმან საბოს პარტიაში „გირჩის სამეფოს მეფის“ სტატუსი აქვს.