„გირჩი“ საარჩევნო სიებზე დაწესებული მინიმალური ზღვარის გაუქმებას ითხოვს
„გირჩი“ საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების მიერ წარსადგენ საარჩევნო სიებზე დაწესებული მინიმალური ზღვარის გაუქმებას ითხოვს. ამ მიზნით, პოლიტიკურმა ჯგუფმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მოამზადა, რომელიც 21 თებერვლის ბიუროს სხდომას წარედგინება.
მოქმედი კანონით, საპარლამენტო არჩევნებისას წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში კი, პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას.
თბილისის საკრებულოს შემთხვევაში კი, პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 50 და არა უმეტეს 100 კანდიდატისგან.
„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომ პროპორციულ საარჩევნო სიებში წარსადგენ, არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა გაუქმდეს.
„პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, იმაზე მეტ კანდიდატს წერს სიაში, ვიდრე მათი გაყვანის შესაძლებლობა აქვს, რათა თავიდან აირიდოს მოსალოდნელი რისკ-ფაქტორები. ამიტომ მინიმალური ზღვარის მოხსნა დამატებით რისკს არ წარმოშობს. მოცემულობა, რომელიც შესაძლოა, მინიმალური ზღვრის მოხსნის გამო დადგეს, დღესაც არის დღის წესრიგის საკითხი და საარჩევნო ადმინისტრაცია ამ საკითხს დადგენილებით აწესრიგებს. თუ რომელიღაც პარტია იმ რაოდენობის ხმას მიიღებს, რომ მას საშუალება ჰქონდა, არჩევნების გზით გაეყვანა იმაზე მეტი კანდიდატი, ვიდრე მას სიაში ჰყავდა შეყვანილი, ეს პოლიტიკური პარტიის რისკია და ამ ცვლილებით არც ერთ პარტიას არ ეზღუდება შესაძლებლობა, 100%-ით დააზღვიოს ამგვარი საფრთხე“, – აღნიშნულია პროექტში.