„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი იყოს, პარლამენტის მუშაობას საკუთარი შეხედულებისა და ინტერესების გათვალისწინებით წაუძღვეს
„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი იყოს, პარლამენტის მუშაობას საკუთარი შეხედულებისა და ინტერესების გათვალისწინებით წაუძღვეს

„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი იყოს, პარლამენტის მუშაობას საკუთარი შეხედულებისა და ინტერესების გათვალისწინებით წაუძღვეს. „გირჩმა“ შესაბამისი ცვლილებები უკვე მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებებით პარლამენტის წევრი უფლებამოსილი იქნება, პარლამენტში არ გამოცხადდეს, საკუთარი მანდატი სხვა პარლამენტის წევრს გადასცეს, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილი იქნება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს.

„გირჩი“ განმარტავს, რომ მათი პროექტის მიზანია, პრაქტიკაში დამკვიდრებული ნორმებისა და თავმჯდომარის მართვის სტილის რეგლამენტში ასახვა.

მათი მოსაზრებით, ცვლილებით, ზუსტად ისეთი სამართლებრივი წესრიგის მიღება მოხდება, როგორი პრაქტიკითაც, დღეს მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე არსებულ პირობებში მოქმედებს.

„პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება შეუზღუდავი უფლებამოსილება. მისი გადაწყვეტილებები იქნება ერთპიროვნული, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველობის ტრადიციას შეეფერება. შეიძლება ამგვარი ჩანაწერი ცალკეული პოლიტიკოსის მიერ კონსტიტუციასთან არათავსებადად იყოს აღქმული, თუმცა კონსტიტუციის ბოლოდროინდელმა ინტერპრეტაციებმა, მათ შორის საგამოძიებო კომისიის ნაწილში გვაჩვენა, რომ კონსტიტუცია საკმაოდ მოქნილი ტექსტია და ნებისმიერი ქმედების გამართლების საფუძველს მოიცავს. ამდენად, ჩვენი კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციის ტექსტსა და სულისკვეთებასთან”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.