„გირჩი“ ინიციატივით გამოდის, საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 70 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირები აღარ დაიბეგრებიან
„გირჩი“ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის. საქმე ეხება ქონების გადასახადს, რომელიც მოქალაქეების შემოსავალთანაა დაკავშირებული.
მოქმედი რედაქციით, წელიწადში 40 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში, დაბეგვრა არ ხდება, ხოლო დასაქმებულის შემოსავალი თუ 40 000-დან 100 ათას ლარამდე მერყეობს, იბეგრება ქონების ღირებულების 0,05 პროცენტიდან 0,2 პროცენტამდე, შემოსავალი 100 ათას ლარს თუ აჭარბებს, 0.8 პროცენტიდან ერთ პროცენტამდე.
„გირჩის“ აზრით, კანონი მოძველებულია და აუცილებელია, აღნიშნული ლიმიტები გადაიხედოს. კერძოდ, 40 ათასლარიანი ლიმიტი 70 ათას ლარამდე, 100-ათასიანი კი, 175 ათასამდე გაიზარდოს. ამის მიზეზად „გირჩი“ ინფლაციას ასახელებს.
„კანონი მიღებულია 2010 წელს, როდესაც ლარის სხვა კურსი იყო. მას შემდეგ ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ორნიშნა ინფლაცია გვაქვს და ისედაც გაღარიბებული ადამიანები კიდევ დამატებით იბეგრებიან. პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტით, 70 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე პირები აღარ დაიბეგრებიან. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ქონების ღირებულების 0.05%-დან-0.2% მდე დაიბეგრებიან ის ადამიანები, რომელთა შემოსავალიც წლის განმავლობაში 70-175 ათასი ლარია, ხოლო ქონების ღირებულების 0.8%-დან ერთ პროცენტამდე ქონების გადასახადს, 175 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები გადაიხდიან“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება.