„გირჩი“ - პოლიციამ გაიტაცა ჩვენი არა ერთი აქტივისტი, მაგალითად, მგელი, დათვი და ბაყაყი
დღეს საქართველოს ისტორიაში პირველი „კანაფის ფესტივალი“ შედგა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „დედაენის ბაღში“ აპარატურა არ შეატანინეს და პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები პოლიციაში გადაიყვანეს, ფესტივალი მაინც ჩატარდა.
„ზურაბ ჯაფარიძემ დაიცვა მის მიერ საკონსტიტუციოში მოგებული საქმე. ის, თუ რა გზებით უნდა მოეპოვებინა ზურას კანაფი მისი კანონიერი უფლების აღსასრულებლად, პარლამენტს უნდა გაეწერა, რისთვისაც არა ერთი კვირა ჰქონდა.
დღეს შსს-მ გამოიყენა კანონები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. საკონსტიტუციო ვერ იმსჯელებდა იმაზე, თუ რა გზით უნდა მოხდეს მინიჭებული უფლების აღსრულება. საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება არის სხვა კანონებზე ზემდგომი გადაწყვეტილება, ასევე ყველა კანონი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებასთან, ავტომატურად უნდა გაუქმებულიყო. მთავრობას დროულად მიეღო ზომები, რომ ადამიანებს ჰქონოდათ კანონიერი გზით ამა თუ იმ ნივთიერების მოპოვების საშუალება, კონკრეტულად კანაფის.
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, ზურამ დაიცვა თავისი თავისუფლება და კონსტიტუციური უფლება და როგორიც არ უნდა გამოსულიყო ფესტივალი, ის შედგა. ჩვენ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფლებისთვის.
შს სამინისტრო სხვადასხვა აკრობატიკებს ატარებს, რომ პირდაპირ გააპრავოს ესა თუ ის ქმედება, ესეც ერთ-ერთი მაგალითია. შემოვარდნენ, გაიტაცეს და მიაყოლეს ჩვენი არაერთი აქტივისტი, მაგალითად, მგელი, დათვი და ბაყაყი, რომელიც სისტემას აგინებდა და პოლიციელებს არ ეხებოდა“, – განაცხადა ჰერმან საბომ.
მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის შსს-მ 11 პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გაჰყვა.