„გირჩი“ გამოდის ინიციატივით, ბრალდებულს ჰქონდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოწვევის მოთხოვნის უფლება, თუ ბრალად ედება ქმედება, რომლისთვისაც სასჯელი ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას აღემატება
„გირჩი“ გამოდის ინიციატივით, ბრალდებულს ჰქონდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოწვევის მოთხოვნის უფლება, თუ ბრალად ედება ქმედება, რომლისთვისაც სასჯელი ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას აღემატება

„გირჩი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, ბრალდებულს ჰქონდეს უფლება, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მოწვევა მოითხოვოს, თუ მას ბრალად ედება ისეთი ქმედების ჩადენა, რომლისთვისაც დაწესებული სასჯელი აღემატება ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას.

„გირჩის“ წევრები განმარტავენ, რომ დღეს არსებული წესით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე, 109-ე (დამთავრებული), 117-ე მუხლის რამდენიმე ნაწილით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 143-ე მუხლის რამდენიმე ნაწილით, 144-ე მუხლის რამდენიმე ნაწილით, ასევე 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე, 197-ე, 198-ე და 229-ე მუხლებით.

„გირჩს“ მიაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უფრო დემოკრატიულია და მას შემოაქვს საღი აზრი სისხლისსამართლებრივ სისტემაში, ასევე, ნაკლებად ექცევა ბრალდების მხარის ზეგავლენის ქვეშ.

„ვერდიქტის გამოტანისას მოქმედებენ პრინციპით, რომელიც გულისხმობს ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტას. ტრადიციულ სასამართლოს ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. რეპუტაციული ზიანი უმთავრესი პრობლემაა, რის გამოც ადამიანების უდიდეს ნაწილს არ აქვს ნდობა იმ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად, სისტემის გაძლიერებით არის დაკავებული.

დღეს საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილი სასამართლო რეფორმას ეხება და ეს კანონპროექტი ამ გეგმის ნაწილია. ის ცვლილებები, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელების სახელით კეთდება, უფრო მეტად აზიანებს ადამიანებს, რადგან მანკიერი სასამართლო სისტემის გაკეთილშობილების მცდელობა დამატებითი ფუნქციების შეძენით, სისტემას უფრო აძლიერებს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, გავაფართოოთ სივრცე, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, პირდაპირ ჩაერთონ მართლმსაჯულების განხორციელებაში და ამით შეამცირონ სისტემის გავლენები“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ცვლილებების ინიციატირები არიან დეპუტატები – იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი და ჰერმან საბო.