ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ დღეს „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალს“ გეგმავს.
„მივაღწიეთ იმას, რომ მსოფლიოში პირველად ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ კანაფის მოხმარება ადამიანის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებაა. თუმცა ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ესმით არც ხელისუფლებაში, არც ოპოზიციაში და არც საპატრიარქოში. ისინი გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში კანაფის ლეგალიზაცია არ მომხდარა, უბრალოდ მოგვეჩვენა. მეტიც, კამპანია აქვთ წამოწყებული და ქვეყნის კონსტიტუციური მოდელის ცვლილებას ითხოვენ, ოღონდ ჩვენ თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა არ მოგვცენ. სასამართლომ თქვა, რომ კანაფის მოხმარება არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი. ეს უფლება ჩვენთვის არავის მოუნიჭებია, ის გვაქვს ბუნებრივად, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ“, – აცხადებენ „გირჩში“ და აღნიშნავენ, რომ ფესტივალზე დედაენის ბაღში ერთად იმსჯელებენ, რათა, მათი მტკიცებით, სწორად განმარტონ სასამართლოს გადაწყვეტილება.
„გირჩის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი გაიმართება Flea Market-ის ტრადიციებით.
„ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ, იყიდონ და გაყიდონ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია კანაფთან; მიირთვან საჭმელი და გამაგრილებელი და არც ისე გამაგრილებელი სასმელები; ნახონ მეგობრები და ნაცნობები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტში მონაწილეობის გარდა, უბრალოდ, კარგად გაატარონ დრო“, – აღნიშნულია „გირჩის“ ინფორმაციაში.
შსს-ს ინფორმაციით, „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ე.წ. მარიხუანას ფესტივალის გამართვაზე განცხადებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.