გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს
„ქართულმა ოცნებამ“ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპულმა მხარემ იმდენად არასამართლიანად ჩათვალა „ქართული ოცნების“ მიერ დაყენებული პირობები, რომ დოკუმენტი ოპოზიციამდე არც კი მისულა.
„ქართულმა ოცნებამ“ დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს. „ქართული ოცნება“ იმდენად არაადეკვატურად იქცეოდა, რომ ოპოზიციამდე შეთანხმების დოკუმენტი არ მოსულა, ანუ ევროპულმა მხარემ იმდენად არასამართლიანად და ევროპულ სტანდარტებთან მიუღებლად ჩათვალა „ქართული ოცნების“ მიერ დაყენებული პირობები, რომ არც კი დაძრულა ეს საკითხი. ამით „ქართულმა ოცნებამ“ მათ აჩვენა, რომ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება აინტერესებს და არ ფიქრობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მათ ძალიან ცუდად გამოიყენეს შარლ მიშელის სახელი ამ პროცესში და დიდი დარტყმა მიაყენეს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.
ყველა საკითხი, რომელიც შარლ მიშელმა დოკუმენტში ჩამოწერა და რაზეც თანხმობა მისცა „ქართულმა ოცნებამ“, უნდა ყოფილიყო დოკუმენტში, მაგრამ როგორც ჩანს, „ოცნების“ პოზიციები სრულად შეიცვალა. მათ ჰგონიათ, რომ მიშელთან ურთიერთობა თამაშია და შეუძლიათ, საზოგადოებას კიდევ ნაცარი დააყარონ და მოატყუონ. მე პირადად არ ვაპირებ, ამას შევეგუო, არ ვაპირებ, „ქართულ ოცნებას“ ჩავაბარო ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაკეთებ ყველაფერს, რათა საქართველო დადგეს ნორმალური განვითარების გზაზე“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ ქმედებებზე საერთაშორისო პარტნიორების რეაქცია ძალიან მძაფრი იქნება. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, არანაირი შანსი არ არსებობს იმისა, რომ მედიატორმა ოპოზიცია რაიმეში დაადანაშაულოს.
„ყველაფერს იტყვიან ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც და იქნება შესაბამისი რეაგირება, რომელიც უკვე დაიწყო კიდეც. „ქართული ოცნება“ ამისთვის გადაიხდის დიდ ფასს. მომავალ კვირაში ევროკავშირში არის ორი სხვადასხვა სხდომა, სადაც აუცილებლად იქნება საქართველოს საკითხი განხილული. მომავალ კვირაში ამერიკის სენატში, საგარეო კომიტეტში დაგეგმილია საქართველოს თემის განხილვა. „ქართულ ოცნებას“ თუ ჰგონია, რომ ყველაფერი გაუვა, აი, ნახავენ, რა რეაქციები იქნება საერთაშორისო პარტნიორებისგან. ერთი პროცენტიც არ არსებობს, რომ მედიატორმა ხელი გაიშვიროს ოპოზიციისკენ“, – განაცხადა მან.
ამასთან, ვაშაძის აზრით, მოლაპარაკების გაგრძელების შანსი კვლავ არსებობს.
„ვფიქრობ, მოლაპარაკებების გაგრძელების შანსი არის და ძალიან დიდი ყურის აწევებით დაიწყება „ქართული ოცნებისთვის“.
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ვფიქრობ, ამასაც სხვა სახე უნდა მივცეთ, კარგად უნდა მოვემზადოთ, ბევრი იდეა და მოსაზრება გვაქვს, ახალი ფორმატები უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, მარტის ბოლომდე ვადაა და შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს“, – განაცხადა ვაშაძემ.