გიორგი წოწკოლაურმა აჭარის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე კალანდია, აჭარის რეგიონის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალის მენეჯერებსა და თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ახალმა ხელმძღვანელმა აჭარის რეგიონის სასწრაფო დახმარების სამსახურს, კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა თავგანწირული და ფასდაუდებელი შრომისთვის. მადლობა თითოეულ თქვენგანს, რათა დღემდე დაუღალავად ემსახურებით აჭარისა და გურიის რეგიონის მოსახლეობას. ჩემი სურვილია, თქვენთან მუდმივი და ყოველდღიური კომუნიკაცია, რის შედეგადაც შევძლებთ, ერთად მივიღოთ რიგი გადაწყვეტილებები, რათა კიდევ უფრო ეფექტური და ხარისხიანი იყოს ჩვენი ერთობლივი საქმიანობა“, – განაცხადა ალექსანდრე კალანდიამ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია უახლოეს მომავალში აჭარის მუნიციპალიტეტში არსებულ რაიონულ სამსახურებს ეწვევა და ადგილზე პირადად გაეცნობა არსებულ მდგომარეობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და სხვა ოფიციალური პირები.