გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, წინასწარი დათვლებით, ონკოლოგიის ცენტრის რეაბილიტაცია-აღჭურვისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანების დაფარვა ორ ეტაპად, ივნის-ივლისის თვეში მოხდება.
„პირველ რიგში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური თემა არის ის, რაც მინისტრმა გააჟღერა, ეს იყო ივნისის და ივლისის თვეში ათთვიანი სახელფასო მაჩვენებლების სრულად დაფარვა.
ეს მოხდება ორ ეტაპად. ეს იქნება ივნისისა და ივლისის თვე“, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.
ამასთან, წოწკოლაურმა ისაუბრა ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის სრული რეაბილიტაცია-აღჭურვის შესახებაც.
„მინისტრმა დაანონსა, რომ დაიწყო სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების პირველი ეტაპი. ზუსტად ამ პირველივე ეტაპზე მოხვდა ეს დაწესებულება და შესაბამისად, ვიწყებთ ამ დაწესებულების თავიდან ბოლომდე რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას, ასევე მის გარემონტებას, აღჭურვას.
ეს პროექტი, ყველაფერი უკვე შეთანხმებულია, დამტკიცებულია ჩვენს საერთაშორისო დონორებთან და მათთან მუშაობით უნდა გავაგრძელოთ დანარჩენი საფეხურები. ეს ყველაფერი ითვლება, ანუ წინასწარი მონახაზი, რა თქმა უნდა, არსებობს. წინასწარი თანხები არის რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. ეს არის ჩვენი საერთაშორისო დონორების მიერ გაწეული ინვესტიციები, ეს არის მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და აშ. ყველა კარგად ვხედავთ, რა მდგომარეობაში არის აქაური ინფრასტრუქტურა. ზუსტად ამ ეტაპზე დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება ამ პრობლემის გადაწყვეტას. აქ საუბარი არის იმაზე, რა თანხებია საჭირო, რომ მოეწყოს და გაეშვას ეს ნაწილი.
მინდა, დაგარწმუნოთ და ვთქვა, რომ მათთან ერთად გავივლით ამ კონსულტაციებს, მაგრამ აქ იმხელა ხარჯები არის გასაწევი, რომ ასე სრულყოფილად, მრავალპროფილურად ფუნქციონირებისთვის ეს ინფრასტრუქტურა სმწუხაროდ, მზად არ არის“, – აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.