გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მასშტაბური აქციის თარიღს კვირის ბოლოს დაასახელებენ
გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, მასშტაბური აქციის თარიღს კვირის ბოლოს დაასახელებენ

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიცია პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციის თარიღს კვირის ბოლოს დაასახელებს.

ამის შესახებ ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება. ოპოზიციას აქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა და აქედან გამომდინარე, პარლამენტის პიკეტირებებს გავარძელებთ. შესაბამისად, ამ დღის წესრიგით იქნება პარლამენტთან მასშტაბური აქცია, რომლის თარიღი კვირის ბოლოს დაანონსდება. დაახლოებით შაბათს ან პარასკევს, რადგან მანამდე, პარასკევს ჩვენ გვექნება პრეზენტაცია იმ კანონის, რომელსაც  ვთავაზობთ ჩიხიდან გამოსავლის სახით; ის ითვალისწინებს პროპორციულის მისწრაფებებს, მაგრამ ასევე არის მაჟორიტარულის მოდელი, რომელიც სრულად შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. მანამდე, ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კონტაქტი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი წნეხი იყოს „ქართულ ოცნებაზე“. როგორც განსაზღვრული გვქონდა, სამოქმედო გეგმა მიდის განხორციელებისკენ. ხუთშაბათს არის პარლამენტის სხდომა და ამ სხდომასთან დაკავშირებით როგორ მოვახდენთ პიკეტირებას, აუცილებლად გაგაცნობთ. რაც შეეხება სხვა აქციებს, ეს არის თვითორგანიზებადი და ალბათ ბევრი თვითორგანიზებული დაბოქლომება თუ ათასნაირი აქცია გაიმართება“, – განაცხადა ვაშაძემ.