გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერობის კანდიდატად მის დასახელებაზე ოპოზიციაში საუბარი იყო, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრემიერის თანამდებობაზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით ოპოზიური პარტიების წარმომადგენლებს შორის საუბარი შედგა.
თუმცა, მისივე განმარტებით, ოპოზიცია აღნიშნულ საკითხზე ჯერ არ შეთანხმებულა.
„მოგატყუებთ, რომ ვთქვა, რომ არ იყო ამ საკითხზე საუბარი, რადგანაც ეს თემა მედიასაშუალებებში აიწია, თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა დავასახელოთ პრემიერობის კანდიდატი, რეიტინგები უნდა იყოს განმსაზღვრელი, ვის რისი წარდგენა შეუძლია ამ თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით და შევთანხმდებით. უბრალოდ, რადგანაც მედიასაშუალებებში წამოიწია ეს თემა, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, დღის წესრიგში არ ყოფილა ეს საკითხი და კონკრეტიკაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, სააკაშვილს ხომ არ ჰქონია ასეთი შემოთავაზება მასთან, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან არ უსაუბრია.
„უახლოეს დროში ჩვენ არ გვისაუბრია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი იყო ის, ვინც ასახელებდა ჯერ კიდევ 2018 წელს ჩემს კანდიდატურას, მოიაზრებდა ამ კუთხით, მას დაუსვით ეს კითხვა, ნამდვილად არ მქონია საუბარი. არ მგონია, აზრი შეეცვალა, რატომ უნდა მოხდეს რაიმე განსაკუთრებული ამ შემთხვევაში. ჩემი თვითმიზანი კი არ არის ეს, რაც საერთო საქმისთვის კარგია და უკეთესია, ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ყველამ.
მე მაქვს კონკრეტული, ძალიან მკაფიო ხედვები, რა ფუნდამენტური რეფორმებია ქვეყანაში გასატარებელი და ეს მასობრივი შიმშილი და გაჭირვება როგორ უნდა დავამარცხოთ ერთხელ და სამუდამოდ. დანარჩენი საზოგადოების გადასაწყვეტია და ჩვენი გუნდის გადასაწყვეტია, გუნდურად უნდა მივიღოთ ყველა გადაწყვეტილება, მე რა მინდა, ან არ მინდა, არ არის განმსაზღვრელი, მთავარია, გუნდი როგორ ფიქრობს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.