გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი წარადგინა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქუთაისის მერობის კანდიდატად ანდრო ლოსაბერიძე წარადგინა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ანდრო ლოსაბერიძე გამოცდილია როგორც საგანმანათლებლო სფეროში, ისე ინფრასტრუქტურულ საკითხებში.
„პროგრამა ქუთაისის განვითარებაზე აქვს ჩვენს გუნდს, იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ „მესამე ძალისა“ და „სტრატეგის აღმაშენებლის“ ფარგლებში და აპირებენ, საკუთარი სიტყვა თქვან ქვეყნის განვითარების პროცესში. ქუთაისი უნდა გახდეს მაგალითი, როგორი იყოს ქალაქების მართვა, როგორ ემსახუროს სახელმწიფო თითოეულ ადამიანს, განავითარო უბნებიც, ქალაქებიც, მოიზიდო ინვესტიციები და რაც მთავარია, წინ წაიყვანო ქვეყანა.
ქუთაისში მართლაც ფანტასტიური გუნდი შევკარით. წელს ეს გუნდი იბრძოლებს აუცილებლად გამარჯვებისთვის. მინდა, წარმოგიდგინოთ ქუთაისის მერობის კანდიდატი, ღირსეული ქუთაისელი, გამოცდილი პროფესიონალი როგორც საგანმანათლებლო სფეროში, ისე ინფრასტრუქტურულ საკითხებში, რაც მთავარია, ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ქუთაისი. ეს გახლავთ ანდრო ლოსაბერიძე, ადამიანი, რომელიც წასული იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ და არჩევნებში ჩართვისთვის დაუბრუნდა თავის ქალაქ. იგი მზად არის, იტვირთოს პასუხისმგელობა ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.