გიორგი ვაშაძემ „ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრი“ დაარეგისტრირა
გიორგი ვაშაძემ „ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრი“ დაარეგისტრირა

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სახლში „ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრი“ დაარეგისტრირა.

აღნიშნული ცენტრი საზოგადოებას ონკოლოგიური დაავადების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

ვაშაძის თქმით, საინფორმაციო ცენტრში იმუშავებენ, როგორც უცხოელი, ისე ქართველი სპეციალისტები.

ვაშაძის განმარტებით, ონკოლოგიური დაავადების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და უმაღლესი ხარისხის მკურნალობა, სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს და სწორედ ამ სამ მთავარ მიმართულებაზე იმუშავებს „ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრი“.

„დღეს ჩვენ ვარეგისტრირებთ და ვაფუძნებთ ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრს, გზავნილი იქნება „დაამარცხე კიბო“. ეს არის ცენტრი, რომელიც ქართველ და უცხოელ ექიმებთან ერთად, 19 თებერვალს შესთავაზებს კომპლექსურ სტრატეგიას სახელმწიფოს, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ონკოლოგიურ და სიმსივნურ დაავადებებს. სამი მთავარი პრინციპია, რასაც ეფუძნება ეს ცენტრი, ესენია – პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და უმაღლესი ხარისხის მკურნალობა საქართველოში, რაც სრულად უნდა აიღოს სახელმწიფომ თავის თავზე. ცენტრს უხელმძღვანელებს სერგო ჩიხრაძე. რაც მთავარია, ჩვენ ამ ცენტრის მეშვეობით, მთელ საქართველოს მოვედებით და დავიწყებთ ლობირებას იმისას, რომ საბიუჯეტო სახსრებმა 100 პროცენტით დაფაროს ეს. ევროპაში ადრეული დიაგნოსტიკა არის ორნახევარჯერ უკეთესი, ვიდრე საქართველოში. ხუთ წელიწადში გადარჩენადობის მაჩვენებელი სამჯერ უარესი გვაქვს, ვიდრე ევროპაში. ამიტომ დადგა დრო, რომ გავერთიანდეთ ყველანი და ეს, მართლაც, უმძიმესი დაავადება ყველამ ერთად დავამარცხოთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.