გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა - რატომ არ არის დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, თქვენს ქმედებებში ხომ არ იკვეთება მოღალატეობრივი ქმედება და აგვაცილეთ ევროპისკენ მიმავალ გზას
გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა - რატომ არ არის დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, თქვენს ქმედებებში ხომ არ იკვეთება მოღალატეობრივი ქმედება და აგვაცილეთ ევროპისკენ მიმავალ გზას

საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე, ან ძლიერი, ერთიანი საქართველო, ევროპული, ამერიკული, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ან დამონებული, დამორჩილებული საქართველო, რუსეთის სატელიტი სახელმწიფო. რაც უნდა დეზინფორმაციის კამპანია აწარმოოთ, ქართული ევროპული გენეტიკა თქვენ არ მოგცემთ ამ გზიდან გადახვევის შესაძლებლობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა სხვა რეალობაში აღმოჩნდა და საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირში.

„24 თებერვალს ტერორისტული რუსული სახელმწიფოს მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის შედეგად ჩვენ აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. უკრაინელი ხალხის გმირობის და გამბედაობის, მათი სიმამაციდან გამომდინარე, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირში. სწორედ ამ დღიდან დაიწყო საქართველოს ისტორიის ათვლის ახალი ეტაპი. 24 თებერვალს, როცა მთელი მსოფლიო გულშემატკივრობდა უკრაინას, სამწუხაროდ, თქვენი მოღალატეობრივი ქმედების შედეგად, თქვენ აჩვენებდით, თითქოს საქართველო არ გულშემატკივრობდა მას. სწორედ 24 თებერვლის შემდეგ დაიწყეთ მტკიცება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი დაჩქარებული პროცესი არ არსებობს. ჩვენ და რაც მთავარია, ქართველი ხალხი, ათობით ათასი შეიკრიბა რუსთაველზე და თქვენ მოგიწიათ განაცხადის შეტანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა კოლეგებს, ფეხზე ამდგარიყვნენ და უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი სამხედროებისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ. „მინდა, პირველ რიგში, პატივი მივაგო იმ გმირებს, რომლებიც ჩვენი სახელით დღეს იბრძვიან უკრაინაში. მადლობა პატრიოტიზმისთვის. მსურს, ფეხზე ადგომით პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს, რომლებმაც უკრაინაში თავი შესწირეს. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რის შემდეგაც დეპუტატები ფეხზე წამოდგნენ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ კითხვით მიმართა ირაკლი ღარიბაშვილს, რატომ არ არის დღეს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო „ქართული ოცნების“ სრული ლუსტრაცია. ამ დროიდან მოყოლებული თქვენ დაიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ. ბატონო ირაკლი, თქვენთან მაქვს შეკითხვა, რატომ არ არის დღეს საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა? რა მოხდა, რომ უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ, მოლდოვამ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და საქართველომ ვერ მიიღო. თქვენს ქმედებებში ხომ არ იკვეთება მოღალატეობრივი ქმედება, რის გამოც აგვაცილეთ ევროპისკენ მიმავალ გზას. კონკრეტული ნაბიჯები, თავდასხმა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, განცხადებები, რომლებსაც თქვენ პირადად აკეთებდით, თითქოს ევროკავშირის სტატუსი არაფერია; მოსმენების კანონი, რომელზეც მთელი ევროპა გთხოვდათ, არ მიგეღოთ, თქვენ მიიღეთ ეს კანონი და დაამტკიცეთ; ნიკა გვარამია, რომლის დაკავება ჯერ აბსურდული ბრალდებით მოხდა, მაგრამ თქვენი ბოლო ვიზიტის დღეს მიზანმიმართულად რატომ დააკავეთ ნიკა გვარამია, მაინცდამაინც იმ დღეს. იყო თუ არა ეს გზავნილი, რომ საქართველოს არ უნდოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რატომ ესხმოდით თავს ყველანი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ირაკლი კობახიძე რატომ უწოდებდა ევროპარლამენტარებს ანტიევროკავშირს, რატომ ესხმოდა თქვენი პარტიის თავმჯდომარე, თქვენი ხელმძღვანელი მათ დღენიადაგ. რატომ აცხადებდით საქართველოს მტრებად ადამიანებს.

მინდა, მოგიყვანოთ კახი კალაძის, თქვენი თვალსაჩინო წარმომადგენლის ციტატა: „კანდიდატის სტატუსს არ გვაძლევენ, რადგან საქართველო არ ჩაერთო ომში“. გთხოვთ, ხელი აწიოთ, ვინ ეთანხმებით ამ განცხადებას. ბატონო ირაკლი, თქვენ ეთანხმებით ამ განცხადებას? ან ვინმემ გითხრათ, რომ ომში თუ ჩაერთვებით, მოგცემთ კანდიდატის სტატუსს ან არაო? დაასახელეთ, კონკრეტულად ვინ გითხრათ ასეთი რამ. როცა საუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ჩვენ, ოპოზიციამ თქვენი ბოლო ვიზიტის დროს შემოგთავაზეთ კონკრეტული გეგმა, როგორ შეგვეძლო კანდიდატის სტატუსი მიგვეღო და ისევ ჩვენკენ იშვერთ ხელს? პასუხი იყო ნული. როცა საუბრობთ ოპოზიციაზე, ჩვენ ვართ ერთადერთი, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და სხვა პარტიები, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ლელო“, რომლებიც ვიყავით ალდეს სამიტზე. ივნისის გადაწყვეტილებამდე მხოლოდ ჩვენ შევძელით და მივიღეთ, რომ უპირობოდ დაეჭირა ალდეს მხარი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. თქვენ სად იყავით ამ დროს, თქვენმა სოციალისტებმა რატომ არ გააკეთეს იგივე რეზოლუცია, რატომ არ იმუშავეთ ამისთვის ოქტომბერში.

ახლა რომ ჩახვედით და დაგვიანებით რაღაც განცხადება მიაღებინეთ, იქაც ნორმალურად არ არის გამოკვეთილი ტექსტი, რას უჭერენ მხარს თქვენი თანაპარტიელები. ეს არის მოღალატეობრივი ქმედებები, რამაც ჩვენ აგვაცდინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. თქვენ ხართ დამნაშავე იმაში, რომ დღეს საქართველოს არ აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. რას აკეთებთ მას შემდეგ, რაც 12 პუნქტი გამოსცა ევროკავშირმა. გინდოდათ, საბოლოო უარი ეთქვათ და ხან გეოგრაფიას აბრალებდით, ხან რას, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ. ქართველი ხალხის ერთსულოვნების ჩვენების შედეგად, ევროპული პერსპექტივა არის შენარჩუნებული, მაგრამ კანდიდატის სტატუსისთვის 12 კონკრეტული რეკომენდაციაა. ვინმეს შეგიძლიათ, მითხრათ, რომ მართლმსაჯულების რეფორმის ნაცვლად, როდესაც მურუსიძეს აწინაურებთ სასამართლოში, ამით მოგვცემენ სტატუსს? ან მედიათავისუფლების ნაცლვად, მეტ და მეტ ჯარიმებს რომ უწერთ ოპოზიციურ მედიას, ამით მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს? ან იმით, რომ თქვენი პარტიის თავმჯდომარე, თქვენი უფროსი ამბობს, ევროპარლამენტის განცხადებას და რეზოლუციას ჩალის ფასი აქვსო. თქვენ ეთანხმებით და ამის შემდეგ ფიქრობთ, მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს? ამერიკელი სენატორების განცხადებაზე რომ ამბობთ, არაფერი მნიშვნელობა არა აქვსო, ამის შემდეგ მოგვცემენ სტატუსს?

დღეს გაქვთ ორი არჩევანი, ან ბოდიში მოიხადოთ იმისთვის, რაც აქამდე გააკეთეთ, ან ბოლომდე გააგრძელოთ თქვენი მოღალატეობრივი ქმედება. საქართველოს მოქალაქეებს მივმართავ, ჩემო კარგებო, თქვენ კიდევ ვერ წარმოგიდგენიათ იმ ღალატის სიღრმე და ბოლომდე გაცნობიერებული არა გვაქვს, რა დონის ღალატთან გვაქვს საქმე. ამ ადამიანებს უნდათ, აგვაცდინონ ძლიერი საქართველოს იდეის გზას. ჩვენი ერთიანობით აუცილებლად შევძლებთ, საქართველოს დავუბრუნოთ მართლაც ისტორიული, სანუკვარი ძალა და დიდება, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. ღალატი ამ ქვეყნის თანაცხოვრება ვერ იქნება, ამ ქვეყნის თანაცხოვრება იქნება გამარჯვება, ძლიერი საქართველო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.