გიორგი ვაშაძე - ჩვენ რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ მედიატორის მხრიდან ისეთი შემოთავაზება იქნება, რომელიც ოპოზიციისთვის გარკვეულწილად მისაღები აღმოჩნდება.
მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს რომ ქვეყნის მართვა ებაროს, ყველაფერი დიდი ხნის გადაწყვეტილი იქნებოდა.
„ვფიქრობ, ახლა იმაზე არ არის საუბარი, რაზე დათანხმდება „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ შორის ფუნდამენტურად განსხვავდება პოზიციები. იმედი მაქვს, მედიატორის მხრიდან ისეთი შემოთავაზება იქნება, რომელიც გარკვეულწილად მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ასევე „ქართული ოცნებისთვის“, უბრალოდ ცოტა დრო დარჩა და ალბათ რომ გამოვალ, უფრო დეტალურად გავაკეთებ განცხადებას.
ჩემთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა საკითხი იყოს ამ დოკუმენტში, ხუთივე საკითხი. პირდაპირ ვამბობ, რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ამისი კონკრეტული მექანიზმი უნდა დავინახოთ. ასევე რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელი გზაც უნდა დავინახოთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რათა შეთანხმება შედგეს. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს რომ გვებაროს ქვეყნის მართვა, პირდაპირ გეტყვით, უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი იქნებოდა ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.