გიორგი ვაშაძე - ზაზა სარალიძეს ბოლომდე ვუდგავარ გვერდით და ყველაფერში მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ
გიორგი ვაშაძე - ზაზა სარალიძეს ბოლომდე ვუდგავარ გვერდით და ყველაფერში მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ

შესაძლოა, ჩემი, როგორც პოლიტიკოსის მოსაზრება იყოს, რომ რიგგარეშე არჩევნები ამ სიტუაციიდან გამოსავალია, მაგრამ დღეს ზაზა სარალიძის მიერ ვადა10 ივნისამდეა მიცემული, მე ამ ადამიანს ბოლომდე ვუდგავარ გვერდით და ყველაფერში მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ, – განაცხადა სამოქალაქო პრატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

ამ განცხადებით გიორგი ვაშაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ განვითარდება მოვლენები იმ შემთხვევაში, თუ მოცემულობა 10 ივნისამდე არ შეიცვალა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა უნდა თქვას.

„როგორც მალხაზმა თქვა, ყველა მოთხოვნა ძალაში რჩება. დამიჯერეთ, ამ ადამიანთან კომუნიკაცია არ მქონია და ვიმეორებ იმას, რაც მან თქვა. მათ უნდა ჰკითხოთ, რა მოთხოვნები აქვთ. მე ვიმეორებ იმ მოთხოვნებს, რასაც ისინი ამბობენ, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს. ამ ადამიანმა თვითონ თქვა, რომ თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, ძალაში რჩება ყველა მოთხოვნა, რომელიც აქციაზე იყო გაჟღერებული. მოთხოვნას აყენებენ ეს ადამიანები და არა მე. ეს უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებაში არის პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნება“, რომლის დავალებითაც ამ დანაშაულის დაფარვა მოხდა და შესაბამისად, არ შეიძლება, ამ აქციებს პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდეს.

„ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, რა თქმა უნდა, პოლიტიკაა. ეს პოლიტიკის გარეშე არ არსებობს და ამაზე თვითონაც ძალიან კონკრეტულად სცემენ პასუხს“, – განაცხადა ვაშაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხვალ რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, რომელი პოლიტიკური პარტიის ინტერესში იქნება ეს, რადგან თუ სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ IRI-ის კვლევებს გავიხსენებთ, დიდი უპირატესობით სარგებლობს მმართველი პარტია და მაქსიმუმ ორი-სამი ოპოზიციური პარტია, დანარჩენებს კი, პოლიტიკური პულსი არ ესინჯებათ, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მის პარტიას ძალიან მზარდი რეიტინგი აქვს და გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციას 57% ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება დამარცხებულია.

„თუ საარჩევნო საკითხზე გადავდივართ და ამაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, შეირჩეს საერთო კანდიდატი, პრაიმერი და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, რომლის დამარცხებაც დღეს ძალიან მარტივია. IRI-ის კვლევაც ამას გვეუბნება და იმ კონტრაქციების ფონზე, რაც გუშინ ზაზა სარალიძეს „ქართულმა ოცნებამ“ ვაკეში გაუკეთა, რითაც ამ ადამიანს უზარმაზარი შეურაცხყოფა მიაყენეს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო დაბალია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.