გიორგი ვაშაძე - ყველაზე დიდი შეკრება შეიძლება, 24 ივნისის შემდეგ მოგვიწიოს, ამიტომ 16-ში ვისაც გინდათ, მიბრძანდით, 20-ში კი, ყველას გთხოვთ, რომ მოხვიდეთ აქციაზე
16 ივნისს დაგეგმილ აქციაზე ვისაც მისვლა უნდა მივიდეს, მაგრამ 20 ივნისს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, მას 100-საათიანი უწყვეტი ტურნე აქვს საქართველოს მასშტაბით და 16-ში ბათუმში იქნება.
„ნებისმიერს, ვისაც მისვლა უნდა, შეუძლია, მივიდეს ამ აქციაზე, მაგრამ 20-ში არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა არ უნდა დაიწყოს 16 თუ 20, რაც მეტი აქცია, რაც მეტი შეკრება იქნება, რაც მეტი კონტაქტი უკეთესი. ჩვენ მთელ საქართველოში დავდივართ და შეგიძლიათ, ნახოთ, ათასობით ადამიანს ვეხმიანებით, ვაძლიერებთ და განსაკუთრებით სამეგრელოში იგრძნობა ევროპული, საოცარი მზაობა და სურნელი, რომლისთვისაც მზად არის საქართველო, რომ იბრძოლოს.
დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მიმდინარეობს, უნდათ, რომ გზას აგვაცდინონ. ჩვენ ამ გზას არ ავცდებით არც ერთ შემთხვევაში. სავარაუდოდ ყველაზე დიდი შეკრება 24 ივნისის შემდეგ შეიძლება, მოგვიწიოს, ამიტომ 16-ში ვისაც გინდათ მიბრძანდით, 20-ში ყველას გთხოვთ, რომ მოხვიდეთ აქციაზე. მე 20-ში ბრიუსელში ვარ და ხალხთან შეხვედრის მტკიცებულებები ჩამაქვს ევროპარლამენტარებთან, ყველგან ყველა ერთად უნდა ვიყოთ. ვისაც არ უნდა უნდოდეს განხეთქილების შემოტანა, რაღაც სხვა პროცესების დაწყება, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია ხალხის რისხვის, მათ ეს რუსული დეზინფორმაციული ნარატივი, საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა არ გამოუვიდათ.
„კვლევები ჩაატარეს, სადაც ნახეს, რომ არათუ შემცირდა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა, არამედ გაიზარდა უპრეცედენტოდ. ეს არის ქართული გენის პასუხი იმ რუსულ ნარატივზე, რომელიც იყო ამდენი დღეების განმავლობაში. ისინი შეეცდებიან, პრეზიდენტის ან სხვა მექანიზმების მეშვეობით თავგზა აგვიბნიონ. ჩვენ, ოპოზიციამ ვფიქრობ, უკვე გამარჯვება მოვიპოვეთ, რომ უკან დავახევინეთ „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დიდი გამარჯვება გვექნება მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, რისთვისაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს. „ქართულმა ოცნებამ“ შეკრებებზე მონაწილეობის ნაცვლად, ჯობია, ნაბიჯები გადადგას, რომელიც სჭირდება ევროკავშირის სტატუსს“, – განაცხადა ვაშაძემ.