გიორგი ვაშაძე - ყველამ კარგად მოუსმინოს ივერი მელაშვილს, მან თქვა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ეს საკითხი შეუთანხმებელია და ამაზე სერიოზული მუშაობაა საჭირო
ყველამ კარგად მოუსმინოს ივერი მელაშვილს, მან თქვა, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან ეს საკითხი შეუთანხმებელია და ამაზე სერიოზული მუშაობაა საჭირო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ივერი მელაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ვაშაძის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ხელისუფლება ცრუ მტრის ხატის წარმოდგენის ნაცვლად, აზერბაიჯანულ მხარესთან ამ საკითხს შეათანხმებს.
„დავით გარეჯი საქართველოა, ჩვენ ამისთვის გვჭირდება მუშაობა, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს საზღვრებში იყოს უკვე დამტკიცებულად. რაც შეეხება მელაშვილის განცხადებას, ყველამ კარგად მოუსმინოს და ამ ადამიანს მსგავსი რამ არ უთქვამს. მან თქვა, რომ ამაზე სერიოზული სამუშაოა და ამიტომაც არის შეუთანხმებელი ეს საკითხი აზერბაიჯანულ მხარესთან. ქვეყნის შიგნით ცრუ მტრის ხატის წარმოდგენას, სჯობს, ხელისუფლებამ იმუშაოს აზერბაიჯანულ მხარესთან და ამ საკითხზე შეთანხმება მოხდეს“.
გიორგი ვაშაძემ ასევე კომენტარი გააკეთა აკაკი ბობოხიძის განცხადებაზე, რომ ამ დროისთვის დავით გარეჯის გარკვეული ნაწილი არ არის საქართველო.
„მე არ ვეთანხმები. გარეჯი საქართველოა და ეს უნდა იყოს ჩვენი მტკიცე პოზიცია. ამ პოზიციაზე უნდა ვიმუშაოთ აზერბაიჯანთან, რათა მეგობრულად, მეზობლურად შევთანხმდეთ ამ საკითხზე. ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი როგორც ტერიტორიულად, ასევე ისტორიულად, კულტურულად, მოდით ვთქვათ, ერთ-ერთი ძირძველი ფუნდამენტი, რაზეც ქართული კულტურა დგას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ივერი მელაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესის დაწყება პირდაპირ იმის მტკიცებით, რომ რაღაც შენია, არასწორია და საქმეს აფუჭებს. მისივე თქმით, მოლაპარაკება გარკვეული ეტაპიდან უნდა დაიწყოს.
„როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რომელიც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.