გიორგი ვაშაძე - ყველა უბანზე არის მზაობა, აღვკვეთოთ არჩევნების გაყალბების ფაქტები
გიორგი ვაშაძე - ყველა უბანზე არის მზაობა, აღვკვეთოთ არჩევნების გაყალბების ფაქტები

მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა უბანზე არის მზაობა, რომ აღვკვეთოთ არჩევნების გაყალბების ფაქტები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდებს.

„პირველი ტურის მერე დეტალურად გავაანალიზეთ ხელისუფლების ქმედება. ვიცით, არჩევნების გასაყალბებლად რა გამოიყენება. მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა უბანზე არის მზაობა, რომ აღვკვეთოთ გაყალბების ფაქტები. 20 ათასი ადამიანი იქნება მობილიზებული, რომ გამომჟღავნდეს ადგილზე გაყალბების ფაქტები. მოქალაქეებს მივმართავ, მოვიდნენ არჩევნებზე, მთავარია მათი აქტივობა. საშუალოდ უბანზე 5-10 კაცი იქნება მობილიზებული, რომ თქვენზე ზეწოლა და წნეხი ვერ განხორციელდეს. დღეიდან დავიწყებთ ფოტოების, შემოხაზული ბიულეტენების გავრცელებას. შეგიძლიათ აჩვენოთ ეს ფოტოები მათ, ვინც გთხოვთ. ვერავინ შეძლებს თქვენი ნების კონტროლს. გვაქვს ყველა მექანიზმი, რათა ყველა უკანონო ფაქტი აღვკვეთოთ. არჩევნების შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა, ვინც არჩევნებს აყალბებს. ხალხის ნებით მანიპულირებას არავის ვაპატიებთ. ყველა ვინც ჩართული ხართ გაყალბების სქემაში, გაფრთხილებთ, ყველა ფაქტზე იქნება რეაგირება. გადავდივართ საგანგებო რეჟიმზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.