გიორგი ვაშაძე - დღეს ოპოზიციური და შემდგომში უკვე კოალიციური მმართველობა 80%-ს აიღებს
წინასაარჩევნო კამპანიაში დონორებს არანაირი წვლილი არ აქვთ, დონორებს ყველაზე დიდი წვრილი საქართველოს განვითარებაში აქვთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ათი მილიარდი ლარი, დონორების ფული ახლა იხარჯება საქართველოში, რათა გზები, წყალი გვქონდეს. ამის ნათელი მაგალითია ბათუმი. წყალმომარაგების სისტემიდან დაწყებული საკანალიზაციო სისტემით გაგრძელებული, ყველაფერი დონორების ფულით არის გაკეთებული. ამის გაჩერება უნდა ვის? – „ქართულ ოცნებას“, რათა ეს ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს და ქართველ ხალხს სული სიღატაკეში აღმოხდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ქართველ ხალხთან ერთად დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ჩვენი უახლესი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ახლა, მაქსიმუმ, 20% აქვს, შესაბამისად, ვფიქრობ, ქართველ ხალხთან ერთად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ამ არჩევნებში სრულიად დემოკრატიული სამყარო და დემოკრატიული ოპოზიცია გაიმარჯვებს. ამიტომ ჩვენ ამისთვის ვემზადებით. დღეს ოპოზიციური და შემდგომში უკვე კოალიციური მმართველობა 80%-ს აიღებს. სულ მცირე, 80%-ს აიღებს კეთილდღეობა ევროპაში და 20%-ს – სიღატაკე იზოლაციაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.