გიორგი ვაშაძე - ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია მანდატებისთვის ბრძოლის გზა, როგორც ჩანს, მათი ერთადერთი მიზანია მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნება
გიორგი ვაშაძე - ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია მანდატებისთვის ბრძოლის გზა, როგორც ჩანს, მათი ერთადერთი მიზანია მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნება

ვწუხვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია მანდატებისთვის ბრძოლის გზა, როგორც ჩანს, მათი ერთადერთი მიზანია, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ საერთოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია მანდატებისთვის ბრძოლის გზა და არა გამარჯვების გზა. გამარჯვების გზა არის არა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმები, არამედ საერთო ოპოზიციური ფრონტის შექმნა. ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი მიზანი არის დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და არა ოპოზიციური კოლეგების წინააღმდეგ ბრძოლა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ გზას ირჩევს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ჩანს, მათი ერთადერთი მიზანი მართლაც არის მთავარი ოპოზიციური ძალის, ასე ვთქვათ, სტატუსის შენარჩუნება. არაფერში არ მაინტერესებს მათი სტატუსი მთავარი ოპოზიციური ძალის. ჩემთვის მთავარია ამ ჭაობიდან ამოვიყვანოთ ქვეყანა. ვუშველოთ სიღარიბეს და ვუშველოთ ხალხს, რომელსაც უზარმაზარი პრობლემა აქვს, მათ კი უნდა გაიაზრონ რომ აღარ არის, არ არის საქართველო საჯილდაო ქვა. წარსულში კი არ უნდა ვეძებოთ ვინ უარესია, და ვინ უფრო ცუდი იყო, არამედ მომავალზე უნდა ვიფიქროთ.  ამ არჩევნებზე, მართლაც რეფერენდუმია წარსულსა და მომავალს შორის. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ვართ მომავლის ძალა, მომავალზე კონცენტრირებული და ამიტომ მოვუწოდებ მათ, რომ კარგად გაიაზრეთ, როცა რაღაცას ამბობთ. აუცილებლად მიიღებთ სათანადო პასუხს ამომრჩევლისგან“, – განაცხადა ვაშაძემ.