გიორგი ვაშაძე - ვისაუბრეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმზე, რომ აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს თამლიანს, ოქრუაშვილსა და რურუას, ხოლო გიგი უგულავასთან დაკავშირებით გამოყენებული იქნას შეწყალება
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სერთო ძალისხმევამ დღეს შედეგი გამოიღო და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მიღწეულია.
„მინდა, პირველ რიგში მივულოცო ყველა ადამიანს, ვინც აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ პროცესში. ამდენი ქუჩის პიკეტი, ამდენი აქტივობა, ამდენი მხარდაჭერა სოციალური ქსელით, თუ ტელევიზიის მეშვეობით და მართლა დიდი მადლობა, რომ ჩვენმა საერთო ძალისხმევამ დღეს შედეგი გამოიღო. მართლაც მოხარული ვარ, რომ შეთანხმება შედგა, შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, შედგა დიპლომატიური კორპუსის ძალიან დიდი დახმარებით, დიდი მადლობა მათ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ მედიას განუმარტა, თუ კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ მხარეები:
„პირველი – პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. რა თქმა უნდა, შეიძლება, სახელწოდებებში ვერ შევთანხმდეთ, ისინი თვლიან თუ არა პოლიტპატიმრებად, მაგრამ ისინი უნდა გათავისუფლდნენ და ამის კონკრეტულ მექანიზმზე იყო საუბარი. ამ კუთხით „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რათა ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. მაგალითისთვის, პროკურატურის შუამდგომლობა შეიძლება იყოს ან სხვა მექანიზმი, რომ აღკვეთი ღონისძიება შეეცვალოს თამლიანს, ოქრუაშვილს და რურუას, ხოლო მეორეს მხრივ გიგი უგულავასთან დაკავშირებით შეიძლება გამოყენებული იქნას შეწყალების მექანიზმი. პრეზიდენტის მზაობა, მე როგორც ვხვდები, არის ამასთან დაკავშირებით. მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომ მაქსიმალურად პროპორციული მისწრაფება გათვალისწინებული იქნება ამ არჩევნებში, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატი.
მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ არ მოხდება დაჭრა მაჟორიტარული ოლქების და იქნება მაქსიმალურად თანაბრად გადანაწილებული, ისე როგორც ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში და მეოთხე საკითხი – ასევე შევთანხმდით ერთ პროცენტიან ბარიერზე, ბუნებრივ ბარიერზე, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს აღელვებდა“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, შეთანხმების იმპლემენტაცია ხვალიდანვე დაიწყოს.
„დღეს რა დარჩა ერთადერთი, ამის იმპლემენტაცია. ამის იმპლემენტაცია უნდა დაიწყოს ხვალიდანვე, ამაზე უნდა იყოს ძალიან აქტიური მუშაობა, არ უნდა მოვდუნდეთ. პირდაპირ ვეუბნები საზოგადოებას, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს შემთხვევები ერთის თქმის და მეორეს გაკეთების. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა დოკუმენტიც არის, რომელსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ და ხელმოწერილ დოკუმენტს იმედია, რომ უკან არავინ წაიღებს. და კიდევ მთავარი, დღეიდან ფაქტობრივად უნდა მოვემზადოთ მძლავრი საარჩევნო კამპანიის დასაწყებად, მივიდეთ თითოეულ ოჯახში და ვუთხრათ, რომ საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა და ეს დიდი პერსპექტივა გადის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაწევაზე“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.